საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ, ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშს აფასებს.
ის განსაკუთრებულ ყურადღებას ფასწარმოქმნის პროცესზე ამახვილებს და ამბობს, რომ ფასწარმოქმნის მექანიზმები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, თუმცა თითოეული მიბმულია სადაზღვეო მედიცინასთან, იმასთან, თუ რამდენად ინტენსიურად არის სახელმწიფო ჩართული მოსახლეობის მედიკამენტების ანაზღაურებაში.
„იქედან გამომდინარე, რომ კონკრეტული მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალია, ფასთა რეგულაციის რომელიმე მოდელის გამოყენებამ, შესაძლოა, ზოგიერთი წამლის დეფიციტი გამოიწვიოს და რაღაც დონეზე პაციენტიც დააზარალოს,“ – აღნიშნავს ირაკლი მარგველაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში ჯენერიული პროდუქცია იგივე ფასი ღირს, რაც ბრენდული. მთავარი კი ის არის, თუ ხარისხობრივად რამდენად შედარებადია ჯენერიული პროდუქცია ორიგინალთან, დღესდღეობით ეს პრობლემატური საკითხია და სანამ კანონმდებლობა არ იქნება იმ დონეზე, რომ ხარისხის კონტროლი განხორციელდეს, რისკები კვლავ იარსებებს.