საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი კონტეინერების კონტროლის პროგრამის დანაყოფები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი, კონტეინერების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროგრამა მნიშვნელოვანია ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით.
„აღნიშნული მოდელი, როცა საზღვრის მართვაში ჩართული უწყებები კომპეტენციისა და გამოცდილების ფარგლებში ერთობლივად აწარმოებენ ანალიტიკურ საქმიანობას, ტვირთების თუ ფიზიკური პირების კონტროლს – ფართოდ აპრობირებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. მსურს, მადლიერება გამოვთქვა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიმართ, საქართველოში ამ პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობისთვის. აღნიშნული პროგრამის ორგანიზატორები უკვე 10 წელია, სტაბილურად, მხარს უჭერენ საქართველოში მოქმედ დანაყოფებს, როგორც თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ისე აღჭურვილობითა და ტექნიკით უზრუნველყოფის კუთხით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, კონტეინერების კონტროლის პროგრამის დანაყოფები წარმატებით საქმიანობენ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში. „დღეის მდგომარეობით, ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებზე კონტროლდება, როგორც ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვა, ასევე, ექსპორტისა და რეექსპორტის მიმართულებები. ამ პროცესში კარგი კომუნიკაცია გვაქვს აშშ-ის შესაბამის ორგანიზაციებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.