სამედიცინო პერსონალი უკვე 2 თვეა გადამზადებას გადის და საჭიროების შემთხვევაში მათი მზაობა სრულყოფილი იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველადი ჯანდაცვის სისტემა არსებულ სიტუაციასთან გასამკლავებლად მზადაა.
მინისტრის თქმით, შესაძლო გადაცდომების თავიდან ასარიდებლად სიტუაცია მუდმივად გაკონტროლდება.
„პირველადი ჯანდაცვის სისტემა დღეს მზადყოფნაშია. ასევე, მნიშვნელოვანია 112-ის ხაზი, რომელიც იქნება დაკავშირებული პირველად ჯანდაცვასთან, ის უკვე ასრულებს თავის სატესტო რეჟიმში მუშაობას და თბილისში უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენი ტექნიკოსები მონიტორინგს ახორციელებენ და შეიძლება ითქვას, რომ 2 დღეში შესაძლებელი გახდება ზარების სრულად განხორციელება ყველანაირი შეფერხების გარეშე,” – განაცხადა მინისტრმა.
სიტუაცია მძიმდება, ტემპიც სულ უფრო სწრაფი ხდება – გიორგი გახარია
დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 20 კლინიკა სრულიად მობილიზებულია კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების მისაღებად.
„ორშაბათიდან ჩაერთვება კიდევ დამატებით 9 კლინიკა და პაციენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, შესაძლებლობა არის, რომ ჩაერთოს დამატებით 6 კლინიკა, რომლებიც იქნება სრულად მობილიზებული კოვიდთან ბრძოლაში. რეგულირების სააგენტოს ყველა თანამშრომელი ახორციელებს მუდმივ მონიტორიგს ამ ჰოსპიტლებზე, რის შედეგადაც, გვაქვს მუდმივი უკუკავშირი და ხორციელდება პრობლემატიკის აღრიცხვა, რომელიც ფიქსირდება საავადმყოფოებში.
ყოველდღიურ რეჟიმში ვაუმჯობესებთ ხარისხს და ვცდილობთ, რომ იყოს ყველა საჭირო ინვენტარი და პირადი დაცვის საშუალებები ექიმებისთვის, რომლებიც მართავენ რთული ინფექციით დაავადებულ პაციენტებს. მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნოს, რომ ეტაპობრივად 31 საავადმყოფო ჩაერთვება რეგიონებში, რომლებიც მიიღებენ კოვიდისა და ცხელების პაციენტებს”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია: Foreign Policy
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ სისხლის გაღება იმ პაციენტებისთვისაა მნიშვნელოვანია, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევებს საჭიროებენ.
„ჯანდაცვის სამინისტრო იყო პირველი სტრუქტურა, რომელმაც დონაცია გაიღო. ჩვენ ასევე, მოვუწოდეთ ჩვენს სსიპ-ს, რომ მიეღო ეს როგორც საჭიროება და საკმაოდ დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის. ჩვენი სსიპ-ები ეტაპობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ერთვებიან დონაციაში.
ყველა დანარჩენ სტრუქტურას, ვისაც აქვს საშუალება თავისი დასაქმებულების ჯანმრთელობიდან და ასაკიდან გამომდინარე ჩაერთონ ამ დიდ გამოწვევაში, რა თქმა უნდა, მოვუწოდებდი, რომ სისხლი ჩააბარონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დღესდღეობით სტაციონარებში იმყოფებიან. ისინი შეიძლება არ ებრძვიან კოვიდს, მაგრამ მათ აქვთ სხვა გადაუდებელი საჭიროებები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრი “ქართული ოცნების” ქველმოქმედებაშიც ერთვება და კორონავირუსთან ბრძოლისთვის სოლიდარობის ფონდში საკუთარ სახელფასო ანაზღაურების ნაწილს ჩარიცხავს.
რაც შეეხება კითხვას დაესწრება თუ არა მინისტრი აღდგომის ლიტურგიას ტაძარში, პასუხობს, რომ “ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით ტელევიზორიდან.”
“ტელევიზიით მივადევნებთ თვალყურს” – მინისტრები, რომლებიც სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან