LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ახალი სქემა აქვთ ინტერნეტთაღლითებს და როგორ უნდა დავიცვათ თავი ფიშინგისგან /„ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

57
ფიშინოგი

ბოლო ხანში ისევ გახშირდა ინტერნეტთაღლითობის შემთხვევები. ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა.

საფინანსო სექტორის რეგულატორი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია. მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა.

პარალელურად ეროვნული ბანკის ინიციატივით საფინანსო სექტორი კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კამპანიას უერთდება.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ლაშა გზირიშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსი საუბრობს. 

 

 

– ფიშინგის შემთხვევებს ერთი შეხედვით ტალღური ეფექტი აქვს. ერთი პერიოდი აქტიურდება, რომელსაც საფინანსო სექტორი აქტიურ კამპანიას დაუპირისპირებს. ინტერნეტთაღლითობა მინელდება და შემდეგ ისევ ახალი ტალღა იწყება.

ახლა რა ტალღა გვაქვს? ფიშინგის ახალი სახეობა ხომ არ გამოჩნდა?  

– შეგვიძლია გავიზიაროთ მოსაზრება, რომ ფიშინგი პერიოდულად აქტიურდება ხოლმე. ბუნებრივია, რომ თაღლითები ყველა ეპოქაში არსებობდნენ და სავარაუდოდ მომავალშიც იქნებიან.  ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ისინი ცდილობენ, რომ ტექნიკური საშუალებები გამოიყენონ უფრო მეტად იმისთვის, რომ ინფორმაცია მოიპოვონ და შემდეგ მათ თანხებს დაეუფლონ.

თაღლითობისთვის სხვადასხვა ტიპის სქემები ვითარდება. ის, რაც ადრე მუშაობდა, მომხმარებლებს ამის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვთ. თაღლითები ცდილობენ, რომ ახალი სქემები მოიგონონ. ამ ყველაფრის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთ-ერთი პრიორიტეტი არის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მოსახლეობაში, იმისთვის, რომ ისინი ანკესს არ წამოეგონ.

ოქტომბრის თვეში მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომლის მთავარი დევიზია, „არ წამოეგო ანკესს, იყავი კიბერფრთხილი“. ეს კამანია ემსახურება იმას, რომ მოსახლეობას ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია პერსონალური და საბანკო მონაცემების დაცვა.

როგორც აღვნიშნე, ზოგადად სქემები მრავალფეროვანია და თაღლითები ახალ სქემებს იგონებენ. მათი მთავარი მიზანია, მოიპოვონ მომხმარებლის პერსონალური, ან საბანკო მონაცემები იმისთვის, რომ შემდგომ თაღლითური გზით დაეუფლონ მათ თანხებს.

ამ ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა სქემა არსებობს. ბოლო პერიოდში, რაც შეგვხვდა იყო ის, რომ როდესაც მომხმარებლები სხვადასხვა საიტების საშუალებით განათავსებდნენ სხვადასხვა პროდუქტის გაყიდვის შესახებ განაცხადებას, მათ უკავშირდებოდნენ თაღლითები, თითქოს ისინი დაინტერესებული იყვნენ ამ პროდუქციის შესყიდვით და ანგარისწორებისთვის და თანხის გადასარიცხად გამყიდველებს თხოვდნენ, საკუთარი პერსონალური მონაცემების გაზიარებას სხვადასხვა გზით.

შეიძლება ეს ზეპირი კარნახი ყოფილიყო და შეიძლება ინტერნეტბმული გაეგზავნათ, სადაც „მსხვერპლს“ უნდა შეეყვანა თავისი მონაცემები.

შეიძლება, გამოთხოვნილი ყოფილიყო ინტერნეტბანკის იუზერნომერი და პაროლი, რაც მერე საშუალებას აძლევდა თაღლითს, რომ შესულიყო მომხმარებლის ინტერნეტბანკში და იქ გარკვეული ოპერაციები ჩაეტარებინა.

პირველი რჩევა, რაც მომხმარებლებს უნდა მივცეთ, არის ის, რომ სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარებას მესამე პირებისთვის.

არ უნდა გაამხილონ საკუთარი პერსონალური მონაცემები და საბანკო მონაცემები. რომელშიც შედის ბარათის ნომერი და ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე  ერთჯერადი კოდები, რომელიც სხვადასხვა ოპერაციების შესრულების დროს იგზავნება ხოლმე.

არაა რეკომენდებული, რომ ეს ინფორმაცია ვინმეს გადაეცეს.

მომხმარებელი აუცილებლად უნდა დააკვირდეს, მონაცემები სად შეჰყავს და დარწმუნდეს, რომ ის ნამდვილად ეკუთვნის მომსახურე ვებკომპანიას და ხომ არაა ის თაღლითური ვებგვერდი.

ამის გადამოწმება შესაძლებელია, მათ შორის ვებგვერდის მისამართზე. მიმსგავსებული ვებგვერდის ამოცნობა შესაძლებელია.

ორიგინალისგან შეიძლება განსხვავდებოდეს ფერებით და ლოგოებით.

ასევე ტექსტს უნდა მიექცეს ყურადღება, ხშირად არაა ხოლმე გამართული.

– როგორც ვიცი, ეროვნული ბანკის ვებგვერდთან მიმსგავსებული კლონირებული ვებგვერდიც კი შექმნეს. 

მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ერთ ასოშიც შეიძლება იყოს სხვაობა და ამან არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი შეცდომაში. კარგად თუ დააკვირდებიან, მიხვდებიან ამ სხვაობას.

კლონირებული ვებგვერდების საშუალებითაც ცდილობენ, თაღლითები ინფორმაციის მოპოვებას.

კარგია რომ გაფრთხილებაც მოდის ხოლმე, ინტერნეტგადახდას როდესაც ვაკეთებ. ძალიან კარგია, რომ დამატებითი გაფრთხილება საფინანსო ინსტიტუტებმაც ჩართონ.

– რა თქმა უნდა, როდესაც ცნობიერების ამაღლებას ეხება საკითხი, ეროვნული ბანკის ძალისხმევა არაა საკმარისი.

კიბერუსაფრთხოების აღნიშვნაში ჩართული არიან სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები, რომელიც ამ სქემების შესახებ საკუთარ მომხმარებლებს ინფორმაციას უზიარებენ.

კიდევ ერთ რჩევას დავამატებდი, ვებგვერდის მისამართთან დაკავშირებით. საუკეთესო პრაქტიკაა, როდესაც მომხმარებელს საძიებო სისტემაში თვითონ შეჰყავს ვებგვერდის მისამართი, ანუ ხელით კრეფს და სხვადასხვა ბმულებზე არ გადადის.

თქვენც აღნიშნეთ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა თაღლითური ვებგვერდები შეიქმნა და კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული სქემაა, როდესაც სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის სახელით თითქოს გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობენ მომხმარებელს.

თითქოს მათ პრიზი, ან ვაუჩერი  მოიგეს სხვადასხვა ინფორმაციის გაზიარების სანაცვლოდ.

ერთ-ერთი განცხადება ეროვნული ბანკის სახელითაც კი გაკეთდა და ჩვენ მაშინვე გავავრცელეთ განცხადება, რომ ეს ტყუილი იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

როგორც წესი, ასეთი გათამაშებების შესახებ განცხადებები სოციალურ ქსელში ვრცელდება ხოლმე და მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც მომხმარებელს მოეთხოვება რაღაც ინფორმაციის შეყვანა.

სწორედ ასეთ ბმულებთან უნდა იყვნენ მომხმარებლები მაქსიმალურად ფრთხილად, არ გადავიდნენ მათთვის უცნობ ბმულებზე და როდესაც რაღაც რაიმე ოპერაცია აქვთ გასაკეთებელი, ჯობია, ხელით შეიყვანონ საკუთარი მომსახურე ინტერნეტბანკინგის მისამართი საძიებო სისტემაში.

– ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი და ჩვენი გადაცემა ხშირად უთმობს ეთერს სწორედ ასეთ შემთხვევებს და ვცდილობთ, რომ ჩვენი მსმენელები გავაფრთხილოთ ახალ ახალი სქემების შესახებ,

ერთ ერთი გავრცელებული სქემაა, როდესაც მანქანას, ან თუნდაც ტელეფონს ყიდით ვებგვერდის საშუალებით, თუ მოგწერთ ადამიანი, რომ მათ  სჭირდება თქვენი ბარათის მონაცემები, იმისთვის რომ თანხა ჩაგირიცხოთ, უნდა იცოდეთ, რომ ბარათის მონაცემები საერთოდ არ სჭირდება თანხის ჩარიცხვას.

თანხის ჩარიცხვისას თუ ანგარიშის ნომერს მისცემთ, ამით ის ზიანს ვერ მოგაყენებთ. მაქსიმუმ თანხა ჩაგირიცხოთ, რასაც ის, როგორც წესი არ აპირებს.

კიბერუსაფრთხოების თვეზე რა ღონისძიებებია დაგეგმილი?

– კიბერუსაფრთხოების კამპანიაში ჩართულები არიან სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტები, ამას მხოლოდ ეროვნული ბანკი არ აკეთებს. თვის განმავლობაში იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო სტატიები სხვადასხვა ვებგვერდზე.

გარდა ამისა დაგეგმილია 2 საჯარო ლექცია 28 და 31 ოქტომბერს ქართულ უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გარდა ამისა, იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები უშუალოდ ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლებთან.  ეროვნული ბანკი აქტიურად იყენებს ფინანსური განათლების პლატფორმას –  „ფინედუს“  ინფორმაციის გასავრცელებლად.

პლატფორმაზე  არის პოტკასიტები, სხვადასხვა შეხვედრების ამსახველი ვიდეომასალა, გამაფრთხილებელი ბანერები –  იმისთვის, რომ ადამიანების დიდ რაოდენობასთან მივიტანოთ მესიჯი, რომ იყვნენ ფრთხილად საკუთარი პერსონალური მონაცემების გაზიარებისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g