რა არის ეგზოსომები – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ესთეტიკური ცენტრის, „მისელის“ დამფუძნებელი, ექიმი-კოსმეტოლოგი, თეონა თეთრუაშვილი საუბრობს.
რა არის ეგზოსომები?
ეგზოსომები არის მიკროსკოპული ნაწილაკები, რომლებსაც უჯრედები ბუნებრივად გამოყოფენ. ისინი შეიცავენ ისეთ ბიოაქტიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა პროტეინები, ლიპიდები და გენეტიკური მასალა , რომლებიც სხვა უჯრედებთან კომუნიკაციას აძლიერებს. კოსმეტოლოგიაში ეგზოსომები გამოიყენება იმისათვის, რომ სტიმულირდეს კოლაგენის და ელასტინის სინთეზი, გაუმჯობესდეს კანის რეგენერაცია და ბუნებრივი გაახალგაზრდავების პროცესები.
რა დროს უნდა ჩავიტაროთ ეს პროცედურა?
როცა სარკეში ჩაიხედავ და იფიქრებ: „ადრე რაღაც სხვანაირი ვიყავი“ – ზუსტად მაგ დროს პროცედურა უმჯობესია ჩატარდეს, როცა კანს შესამჩნევად დაეკარგა სიგლუვე, ტონუსი ან გამოჩნდა პირველი ასაკობრივი ნიშნები – ანუ მაშინ, როცა გვსურს კანის აღდგენა, გაახალგაზრდავება და სტიმულაცია. სეზონურად კი შემოდგომა-გაზაფხული იდეალურ პერიოდად ითვლება, თუმცა თანამედროვე ფორმულების გამო, უკვე თითქმის ნებისმიერ დროს შესაძლებელია ჩატარდეს.
აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები?
ეგზოსომები მიღებულია ადამიანის უჯრედებიდან და მაქსიმალურად სტერილურ პირობებში, ამიტომ გვერდითი ეფექტების რისკი მინიმალურია. იშვიათად შეიძლება იყოს მცირე სიწითლე ან შეშუპება ჩხვლეტის ადგილას – რაც 1-2 დღეში სრულიად ქრება. ასე რომ, გვერდითი ეფექტები იშვიათია.
როგორია რეაბილიტაციის პერიოდი?
რეაბილიტაცია პრაქტიკულად არ სჭირდება. შეიძლება მხოლოდ იმ დღეს არ გამოიყენოთ მაკიაჟი. მეორე დღეს კი ყველაფერი ჩვეულ რეჟიმშია – სამსახური, სოციალური ცხოვრება, სელფებიც.
რა ასაკში კეთდება?
პროცედურა შესაძლებელია 25 წლიდან, როგორც პრევენციული ზრუნვა და ასევე 30+ ასაკში, როცა კანი უკვე ითხოვს გაღრმავებულ რეგენერაციას. მთავარია, კანის მდგომარეობა და ინდივიდუალური საჭიროება – ასაკი მხოლოდ ერთი მიმართულებაა.
რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი?
საშუალოდ კურსი მოიცავს 3-დან 6-მდე პროცედურას, ინტერვალით 2–4 კვირაში. სესიის რაოდენობა დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე და სასურველ შედეგზე. ხშირად უკვე პირველი პროცედურის შემდეგ იგრძნობა ცვლილება.
რატომ ეგზოსომები და არა სხვა პროცედურა? რით არის გამორჩეული?
ეგზოსომები – ეს არ არის უბრალოდ კანის დატენიანება ან დროებითი გაახალგაზრდავება. ეს არის ღრმა დონეზე მოქმედი ბიოლოგიური განახლება – კანის ბუნებრივი რეგენერაციის ჩართვა. იგი უშუალოდ უჯრედს ეხმარება იმუშაოს უკეთ – აწარმოოს მეტი კოლაგენი, ელასტინი და შეინარჩუნოს ახალგაზრდული ბზინვარება. იგივე პრინციპით მუშაობს ჩვენი სხეული, როცა ახალგაზრდები ვართ – ამიტომ ეგზოსომები ითვლება „ინტელექტუალურ ინექციად“.
პროცედურა მტკივნეულია?
უმეტესად არა. გამოიყენება მიკრო-ინექციები, და საჭიროების შემთხვევაში, ლოკალური ანესთეზია. დისკომფორტი მინიმალურია.
როდის ველოდოთ შედეგს?
პირველი ეფექტი შესაძლოა დაინახოს უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ. მაქსიმალური შედეგი ჩვეულებრივ 2-4 კვირაში ვლინდება, რაც კანის ბუნებრივი განახლების ციკლს შეესაბამება.
შეიძლება თუ არა კომბინაცია სხვა პროცედურებთან?
კი, ეგზოსომები იდეალურად ეწყობა სხვა კოსმეტოლოგიურ მეთოდებს, როგორიცაა პილინგი, ბიორევიტალიზაცია ან ლაზერი. არის უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს სხვადასხვა მეთოდის ეფექტი.