LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ილა წულაძისთვის “ვოისი“ და რას დაპირდა მას ანრი ჯოხაძე?!

38

ილა წულაძე ერთ-ერთია მათ შორის, რომლებმაც ვოისში ბრმა კასტინგზე ოთხივე მწვრთნელის გულის მოგება მოახერხა. როგორც კი მან სიმღერა დაიწყო მწვრთნელების მოწონება დაიმსახურა და მალევე შემოაბრუნა თავისკენ. ილა ანრის ჯოხაძის გუნდის წევრია. პროექტი უკვე ორ თვეზე მეტია გადის ეთერში. ამ დროის მანძილზე მან უკვე გადალახა რამდენიმე ურთულესი ეტაპი, მათ შორის დიდი ფსონი და ამჯერად მსმენელის გულის მოგება ლაივ ტურში მოუწევს.

თუმცა სანამ “ლაივები“ დაიწყებოდა იყო საკმაოდ რთული გზა, რომლის შესახებაც თავად ილა გვიამბობს…

ილა წულაძე:

– სიმღერა 16 წლის ასაკში დავიწყე, მანამდე ვუკრავდი კლავიშებზე და შემდეგ სიმღერაც ვცადე. 18 წლის ვიყავი როცა ჩავაბარე ვოკალურ ფაკულტეტზე ბათუმში და ვმღეროდი კლასიკას. პარალელურად მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით ბენდი The Pickupers და გავხდით საკმაოდ პოპულარულები ბათუმში.

“მარტო ჩემი კაიფისთვის ვმღეროდი” – ასეთი რაღაც თქვი ერთ-ერთ ინტერვიუში, რატომ გადაწყვიტე ვოისში გეცადა ბედი?

– “ვოისში” იმიტომ მოვედი, რომ მაქვს ხმა და მინდა ყველამ იცოდეს ეს. თან ხმა არ არის ყველაფერი, რაც არტისტს უნდა ჰქონდეს. ჩემი აზრით მთავარი ესთეტიური სინდისია და შემდეგ მოდის სხვა დანარჩენი კომპონენტები, ტემბრი, დგომა, წვდომა და ასე შემდეგ…

რას ნიშნავს შენთვის ვოისი?

– ვოისი არის ერთგვარი ხიდი შემოქმედებითად გამზეურებისათვის (იცინის). შანსია იმისა რომ ნაბიჯი წინ გადადგას მომღერალმა.

რომ არა ვოისი …

– რომ არა ვოისი, ახლა ვიქნებოდი სახლში. აი ასე მარტივად (იცინის). ჩემთვის ეს პროექტი არის ხალხთან ურთიერთობის საშუალება. გავიცანი უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი და ეს ძალიან მახარებს.

სხვა მონაწილეებიც აღიარებენ რომ ხარ ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტი, შენ როგორ შეაფასებდი შენს შესაძლებლობებს? მოახერხებ თუ არა გამარჯვებას?

– მე მგონია, რომ ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისაც შეუძლია გამარჯვება. თავს არ დავზოგავ…

რატომ აირჩიე ანრის გუნდში ყოფნა ანუ “თავისუფლება“, როგორ თქვენ თქვით ბრმა კასტინგზე?

– სადაც თავისუფლებაა იქვე ვარ მეც. არ მიყვარს როცა მზღუდავენ. თან ანრი დამპირდა, რომ არ დამიკარგავდა არტს. ამიტომაც წავედი მის გუნდში…

რაც უფრო ახლოს მიდიხართ ფინალისკენ, იმატებს თუ არა დაძაბულობა კონკურსანტებს შორის და თუ აქვს უთანხმოებას ადგილი?

– არავითარი უთანხმოება. პირიქით, ვამხნევებთ ერთმანეთს. ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს.

რას აპირებ მას შემდეგ რაც პროექტი დასრულდება? გაქვს თუ არა შემოთავაზებები და თუ მუშაობ სტუდიურ სიმღერებზე?

– მე მყავს ბენდი Strawberry Fields და ალბომზე ვმუშაობთ უკვე 8 თვეა. პროექტის დასრულების შემდეგ ისევ დავუბრუნდები ძველ “სამარეს” ახალი შემართებით და მიზნებით…

წარმატებებს გისურვებ “ვოისში“ და ჯგუფთან ერთადაც…

– გმადლობთ.

გუგა ლეჟავა


 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები