რა ასაკიდან ხდება ძაფებით სახის მოდელირება – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ექიმ-კოსმეტოლოგმა გოდერძი მიჩილაშვილმა ისაუბრა.
რამდენად ეფექტურია სახის ძაფებით მოდელირება?
ესთეტიკური მედიცინის სფეროში არაერთი მეთოდი არსებობს კანის გაახალგაზრდავებისთვის,ესენია თერაპიული აპარატურული და ინექციური მეთოდები. კონსულტაციის შედეგად ირჩევა მომხმარებლისთვის შესაფერისი მეთოდი და პროცედურა. დღეს ვისაუბრებთ THREAD LIFTING-ზე ანუ ძაფებით სახის კანის მოდელირებაზე. ეს მეთოდი მიეკუთვნება ინექციურ მცირე ინვაზიურ მეთოდს. დღესდღეობით საკმაოდ ბევრი ტიპის ძაფი არსებობს, როგორც სახისთვის, ასევე სხეულის სხვადასხვა ზონების კორექციისთვის.
როგორი ძაფები არსებობს?
არსებობს მუდმივი და გაწოვადი ძაფები.მუდმივი ძაფების გამოყენება ხდება პლასტიკურ ქირურგიაში სხვადასხვა პათოლოგიების შედეგად გამოწვეული სახის ასიმეტრიების კორექციისთვის.რაც შეეხება გაწოვად ძაფებს, ამ ტიპის ძაფები გამოიყენება ასაკობრივი ცვლილებების კორექციისთვის. ძაფებს როგორც ლიფტინგის ანუ პტოზირებული ქსოვილების რეპოზიციის, ასევე ბიოსტიმულაციური ეფექტი აქვს. მისი მცირე ინვაზია ანუ ქსოვილის მიზანმიმართული დაზიანება და შემადგენელი ნივთიერებები აღძრავენ კოლაგენის სინთეზს, რაც ამკვრივებს და აახალგაზრდავებს ქსოვილებს უჯრედულ დონეზე.
რა ასაკიდან არის შესაძლებელი ძაფების გაკეთება?
პასუხი მარტივია როგორც სახის კანის პტოზის დაწყებისას, ასევე პრევენციის მიზნითაც, ასაკის და სქესის მიხედვით შეირჩევა ძაფის ტიპი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ძაფის გამოყენებამდე მოწმდება პაციენტის კანის მდგომარეობა, რათა განისაზღვროს ძაფის შედეგიანობა. აუცილებელია პაციენტი შეირჩეს სწორად, ამაზეა დამოკიდებული მისი რეზულტატიც და ეფექტურობის ხანგრძლივობა.
ესთეტიკური მედიცინის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პროცედურების კომბინაციას საჭიროებიდან გამომდინარე. ძაფის ტიპიდან გამომდინარეობს ექნება თუ არა მომხმარებელს რეაბილიტაციის პერიოდი.
პროცედურის ჩატარება ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი თუ კი პაციენტი შეასრულებს შესაბამის მითითებებს რეაბილიტაციის პერიოდში.