LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკშია წყვილი მზად ოჯახის შესაქმნელად – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

606

ქორწინება საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ხშირად წყვილი მზად არის არის ამ ნაბიჯისთვის. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გასათვალისწინებელია წყვილის ასაკი, ასევე ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური მზაობა.  ფსიქოლოგები ნაადრევი (18 წლამდე) ასაკში ქორწინების პრობლემებზე ხშირად საუბრობენ. როგორც „ფორტუნას“ ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი „იდილიას“ ფსიქოთერაპევტმა, ბარბარე ჭკუასელმა განუცხადა, გაეროს მოსახლეობის ფონდის  სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერთ წელიწადში 18 წელს მიუღწეველი 14 მილიონი გოგო ქორწინდება. საქართველოში ამ კუთხით ასევე მძიმე მდგომარეობაა.

რა პრობლემები ახლავს ნაადრევ ქორწინებას?

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ნაადრევ ქორწინებას სხვადასხვა პრობლემა ახლავს. კერძოდ, ადრეულ ასაკში ქორწინება ხშირად სრულდება  განათლების მიტოვებით, წყვილის ფსიქო-სოციალური მდგომარეობის გაუარესებით, ამ დროს ხშირია გარემოსთან ინტეგრაციის პრობლემა, სოციუმისგან გარიყვა, ქალის როლის დაკნინება, ნაადრევი ორსულობა, დედობისადმი მზაობის არქონა. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ნაადრევი ქორწინება არის ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზიც,  რადგან ამ  ასაკში რთულია კომპრომისებზე წასვლა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ თინეიჯერობის ასაკში განსაკუთრებით მძაფრად იცვლება გემოვნება,  შესაბამისად ოჯახის დანგრევის რისკ ფაქტორი მაღალია.

„გოგონა, რომელიც პატარა ასაკში გათხოვდა ან გაათხოვეს, ხშირად იძულებულია შეწყვიტოს სწავლა და საბოლოო ჯამში რჩება საშუალო განათლების გარეშე, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს მის ინტელექტუალურ და ზოგადად, ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. დაბლა იწევს მისი თვითშეფასებაც, რასაც მივყავართ სოციალურ და კომუნიკაციურ პრობლემებამდე. ის აღარ გრძნობს თავს სოციუმის სრულუფლებიან წევრად, რაც თავის მხრივ მოქმედებს მის გარემოსთან ადაპტაციასა და ინტეგრაციის პროცესზე. ამ მდგომარეობის სიმძიმე კავშირშია კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ საკითხებთან. სამწუხაროდ, იქ სადაც ნაადრევი ქორწინება მიღებულია, თითქმის ყველა მცირეწლოვანი, ნაადრევად გათხოვილი გოგონა გადის ამ პროცესებს“ – განაცხადა ფსიქოლოგმა.

არის თუ არა მზად მცირეწლოვანი გოგო ბავშვის გაჩენისთვის?

ნაადრევ ქორწინებას ასევე ნაადრევ ორსულობამდე მივყავართ და ეს პრობლემა საკმაოდ სერიოზულია. აქ საყურადღებოა ფიზიკური, ჯანმრთელობის პრობლემები, რაც მძიმედ აისახება როგორც ქალის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობაზე. მცირეწლოვანი გოგო არ არის მზად ორსულობისა და მშობიარობისთვის. გარდა იმისა, მას ამ ასაკში რეალურად სხვა ინტერესები აქვს, თავს იჩენს  ბევრი ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მისი ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე და დედა-შვილს შორის ურთიერთობაზე.

 

რა ასაკშია მზად წყვილი ოჯახის შესაქმნელად?

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა კვლევა. კვლევის თანახმად 23-27 წლის ასაკში შექმნილი ოჯახები შედარებით მყარი და შენარჩუნებულია. ამ ასაკში ადამიანი მეტად გააზრებულად ქმნის ოჯახს და ოჯახის დანგრევის რისკიც ნაკლებია.

 

რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ ოჯახის შექმნის დროს, 7 რჩევას ფსიქოთერაპევტი ბარბარე ჭკუასელი მოგცემთ.

  1. სიყვარულსა და ლტოლვას შორის განსხვავება დიდია. ხშირად თინეიჯერები ამას ვერ აცნობიერებენ. თინეიჯერები ყველაზე მარტივად იღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ როდესაც ოჯახში თავს კარგად არ გრძნობენ და გამოსავალს ქორწინებაში ეძებენ. ეს არ არის გამოსავალი.
  2. დაფიქრდით რას ნიშნავს ოჯახი და ოჯახის შექმნა. ოჯახის შექმნაში მნიშვნელოვანია სიყვარული, ასევე არსებობს მოვალეობები და ვალდებულებები, რომელიც ქალსა და მამაკაცს აქვს ოჯახის წინაშე.
  3. გააცნობიერეთ თქვენი ასაკისთვის აუცილებელი ფსიქოფიზიკური და სოციალური თავისებურებები. 25 წლამდე ადამიანი აგრძელებს ზრდას და ყველა ფაქტორს უნდა მიექცეს ყურადღება, მათ შორის განათლებას და ცხოვრების მიზნებს.
  4. დაფიქრდით, რამდენად კარგად იცნობთ თქვენს პარტნიორს. ოჯახური თანაცხოვრებისთვის ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს.
  5. ოჯახის შექმნის დროს მნიშვნელოვანია კომპრომისი. ოჯახური ურთიერთობები არ არის შეჯიბრი.
  6. ოჯახის შექმნის დროს აუცილებელია პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა. თინეიჯერებს აქვთ პრეტენზიები, რომ უფროსების გარეშე შეუძლიათ გაუმკავდნენ პრობლემებს, თუმცა ოჯახურ თანაცხოვრების დროს ამა თუ იმ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება უჭირთ.
  7. დაფიქრდით, რამდენად შეძლებთ ფეხმძიმობასა და ბავშვის მოვლასთან გამკლავებას. ეს პროცესი რთული, მნიშვნელოვანი და საპასუხიმგებლოა.

 

 

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g