ივნისში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 186 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი – 262 ლარი იყო. კვლევას PMC კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, მათი საშუალო ფასი 133 ლარი იყო. ქვეყანაში 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 485 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 646 ლარი იყო, კახეთში – 556 ლარი, აჭარაში – 516 ლარი, ხოლო თბილისში – 512 ლარი.
„ივნისში წლიურად სასტუმროების ფასების ინდექსი 4.7%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.8%-ით შემცირდა.
შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.