მოზარდ მაყურებელთა თეატრი საახალწლო დღეებში პატარებს სიურპრიზებს უმზადებს. ამის შესახებ ვრცლად „ფორტუნას“ დილის ეთერში მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა, დიმიტრი ღვთისიაშვილმა ისაუბრა.
„სპექტაკლები გათვლილია როგორც პატარა, ასევე საშუალო და უფროსი ასაკის მაყურებლისთვის. ამ ეტაპზე აფიშა 2 იანვრის ჩათვლით არის გამოქვეყნებული, ბილეთების შეძენა კი ვებგვერდებზე Biletebi.ge და tkt.ge არის შესაძლებელი.
წელს ჩვენ ვიზრუნეთ არამხოლოდ პატარებზე, არამედ მშობლებზე და ოჯახის წევრებზე. საახალწლო რეპერტუარი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი.
წარმოვადგენთ მიუზიკლებს – „ურჩხული და ლამაზმანი“, „ალადინი“, „რწყილი და ჭიანჭველა“ და ასევე ორ ახალ წარმოდგენას, „წითელი ფეხსაცმელი“ და „კალის ჯარისკაცი“ ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრების მიხედვით.
23-30 დეკემბერს ვგეგმავთ უკვე მესამე მიუზიკლს, რომელიც უფრო გარდამავალი ასაკის მაყურებლისთვისაა – „ადამსების ოჯახი“. სულ ახლახან დაიდგა რომანტიკული კომედია „დონ სეზარ დე ბაზანი“. ასევე განახლებული დადგმით გვქონდა შექსპირის „აურზაური არაფრის გამო“. მაყურებელს კომედიებისა და შოუების მთელი კასკადი ელოდება.
15 დეკემბერს გვაქვს კიდევ ერთი პრემიერა, რომელიც უფროსი ასაკის მაყურებლისთვის არის გათვლილი, ეს არის „სემ, დაუკარი ისევ“ ვუდი ალენის ცნობილი პიესისა და ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით. საკმაოდ სახალისო და იმავდროულად, ვუდი ალენიდან გამომდინარე ფილოსოფიურ-დამაფიქრებელი კომედიაა. ჯერჯერობით აფიშა გამოქვეყნებულია 2 იანვრის ჩათვლით, როგორც Biletebi.ge-ზე, ისე tkt.ge-ზე, განთავსებულია ასევე მოზარდ მაყურებელთა თეატრის ვებგვერდსა და Facebook გვერდზე.
21 დეკემბერს ჩვენთან ფოიეში გაიხსნება ორი შესანიშნავი შემოქმედის, რეჟისორ ოთარ ბაღათურიასა და მხატვარ აივენგო ჭელიძის ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა, მათი 80 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამ ერთი კვირის განმავლობაში მაყურებელი მათ ერთობლივ სპექტაკლებს ნახავს… იმავდროულად, გაიმართება ბატონი ოთარის პიესების კრებულის და აივენგო ჭელიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი დიდი ალბომის პრეზენტაცია.
გადაცემის ჩანაწერი: