“რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?” – ფურცლები, რომლებზეც ეს კითხვა ეწერა, პლენარული სხდომის მიმდინარეობის დროს, სამოქალაქო აქტივისტებმა სხდომათა დარბაზში გადაყარეს.
ფურცლებზე, რომელიც მამუკა ჯუღელმა და ქრისტინა ჭელიძემ გადაყარეს, ასევე მითითებულია აქციის გამართვის თარიღიც – აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 13 ივნისს იგეგმება.
აქტივისტები აცხადებენ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობას პარლამენტის წევრებმა პასუხი უნდა გასცენ:
“სახელმწიფო არის სრულიად უუნარო პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვერ ახდენს რეაგირებას. სამწუხაროდ, სხვა ფორმა მათ არ ესმით.” -განაცხადა ინიციატორმა მამუკა ჯუღელმა.
სამოქალაქო აქტივისტებს სხდომათა დარბაზი მანდატურებმა დაატოვებინეს.
