სილამაზის და ტატუ სალონებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირების ვალდებილება დაეკისრებათ. როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ განმარტა, კანონპროექტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელიც სილამაზის და ტატუ სალონების რეგულაციებს ეხება.
კანონპროექტის თანახმად, ყველა პირი, რომლის საქმიანობაც საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან არის დაკავშირებული, ვალდებულია, ამ პროცედურების წარმოებისას, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაიცვას.
ასევე, აღნიშნული პირები ვალდებილები არიან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შესაბამისი რეგისტრაცია გაიარონ.
როგორც ვალერი კვარაცხელიამ განმარტა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა მუხლები, რომლებიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის სანიტარული ნორმების ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობის გამო დაჯარიმებას ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში, ფიზიკური პირი 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 100 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 200 ლარით, იურიდიული პირი 500 ლარით. ასევე, ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო განმეორებით ჩადენილი 1000 ლარის ოდენობით.
კვარაცხელიას თქმით, მაკონტროლებელ ორგანოდ მუნიციპალიტეტები განისაზღვრა. იმ პირებმა კი, რომლებსაც აღნიშნული კანონპროექტით დარეგისტრირების ვალდებულება ეკისრებათ, რეგისტრაცია 2016 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა გაიარონ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტ მხარი დაუჭირა და მას პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.