LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში ვერ გაივლიან მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ტექნიკურ ინსპექტირებას

66

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ნაწილმა, შესაძლოა, ტექინსპექტირება ვერ გაიაროს.როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მ/შ-მ, ერეკლე კეჟერაშვილმა განუმარტა, არსებობს ორი შემთხვევა, რომლის დროსაც, შესაძლოა, მარჯვენასაჭიანმა ავტომობილებმა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიაროს.

”მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ჩვეულებრივ, დადგენილი წესის შესაბამისად გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. მაგრამ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2018 წლის პირველი იანვრიდან, აღნიშნული თარიღის შემდეგ ვერ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, საჭის მართვის სისტემაში დამატებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.

ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც გაიარეს პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან და ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირდა საჭის მდებარეობა, ვერ გაივლიან შემდგომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მისი მდებარეობის შემდგომი ცვლილების შემთხვევაში”, – განაცხადა კეჟერაშვილმა.

ანუ გამოდის, რომ 2018 წელს საჭეგადატანილი ავტომანქანები ტექინსპექტირებას ვერ გაივლიან. მეორე შემთხვევა კი ნიშნავს, რომ თუ მარჯვენასაჭიანი მანქანით გაიარე ინსპექტირება, შემდეგ ვეღარ გადაიტან საჭეს. თუმცა თუ 1 იანვრიდან საჭის გადატანა ისედაც იკრძალება, ეს მეორე პუნქტი ავტომატურად გამოირიცხება.

 

ცნობისთვის, 2018 წლის იანვრიდან საქართველოში დაახლოებით, 3000-ზე მეტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი დარეგისტრირდა.

2018 წლის 1-ელი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ელი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის უკვე ამოქმედდა. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ტექინსპექტირება ამოქმედდება უკვე ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტოსთვის.

ტექინსპექტირების ღირებულება მსუბუქი და მისაბმელი საშუალებებისთვის 60 ლარია, ხოლო სატვირთო და სამგზავრისთვის – 100 ლარი.

თუ ავტომობილი აუცილებელი ჩამონათვალის ერთ ან რამდენიმე პუნქტს ვერ აკმაყოფილებს, მის მფლობელს ერთი თვე აქვს ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ ავტომობილის მფლობელი შემდეგ ამ პუნქტების ხელმეორედ შესამოწმებლად იმავე სერვისცენტრში მივა, მომსახურებისთვის დამატებით ფულის გადახდა აღარ მოუწევს. ტექინსპექტირების ვადების დარღვევისთვის კერძო პირი დაჯარიმდება 50 ლარით. ხოლო იურიდიული პირი ან ინდმეწარმე – 200 ლარით.  200-ს ლარს დაემატება კიდევ 50-ლარიანი ჯარიმა იმ მძღოლისთვის, რომელიც უშუალოდ მართავდა კომპანიის შეუმოწმებელ ავტომანქანას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები