LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ვიცოდეთ, თუ კერძო დასახლებაში მწვანე ნარგავების მოჭრა გვსურს – სახალხო პლატფორმა

380
ქეთევან-კანდელაკიშვილი

რა უნდა ვიცოდეთ, თუ კერძო დასახლებაში მწვანე ნარგავების მოჭრა გვსურს – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ქეთევან კანდელაკიშვილმა ისაუბრა.

როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუკი მას სურს თავის კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავების მოჭრა?

დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობა მკაფიოდ და დეტალურად განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავების ადგილმონაცვლეობა (მოჭრა/გადარგვა). იმისათვის, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობა, სახეობრივი მდგომარეობა და მაღალპროდუქტიული კორომები, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მკაცრად იცავს კანონმდებლობით დადგენილ წესებს. მაგალითად, კერძო საკუთრებაში მწვანე ნარგავების მოჭრის რამდენიმე საფუძველი არსებობს, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საფუძველს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება წარმოადგენს. მშენებლობის ნებართვის აღების პროცესში ჩართულია მერიის რამდენიმე სამსახური, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. იმისათვის, რომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახრმა იმსჯელოს მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვაზე, დაინტერესებულმა პირმა სამსახურს უნდა წარუდგინოს მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემული საექსპერტო დასკვნა და საპროექტო ტოპოგრაფიული გეგმა, რომელზეც სამშენებლო ობიექტებთან ერთად დატანილი უნდა იყოს ტერიტორიაზე არსებული თითოეული მწვანე ნარგავი. ნებართვას ექვემდებარება ისეთი მცენარეებიც კი როგორიცაა ვარდი, ოლეანდრი და სხვ. ამიტომ, თუ მათი მოჭრა ან გადარგვა განხორციელდა ნებართვის გარეშე, მესაკუთრეს დაეკისრება კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა. სამშენებლო მიზნებისთვის მწვანე ნარგავების მოჭრის დროს დაცული უნდა იყოს ე.წ. 25%-იანი შეზღუდვა, ეს ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრეს შეუძლია საკუთარ ტერიტორიაზე მოჭრას მხოლოდ იქ არსებული ღირებული ჯანსაღი ხეების მეოთხედი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილება და მას უფლება აქვს მესაკუთრეს მოსთხოვოს სამშენებლო ობიექტები მოარგოს მწვანე ნარგავებს და არა პირიქით. იმ შემთხვევაში, თუ სამსახური მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას ხეების მოჭრის თაობაზე, დაინტერესებულ პირს ევალება.

მწვანე ნარგავების აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდა, რომელიც გამოითვლება კანონით დადგენილი თანხის შესაბამისად. თითოეულ ხეზე, მისი ღირებულებისა და დიამეტრის შესაბამისად განსაზღვრულია კონკრეტული თანხა.

კერძო საკუთრებაში მწვანე ნარგავების მოჭრის კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენს მათი ხარისხობრივი მდგომარეობა, მაგალითად, თუ ტერიტორიაზე დგას ხმობადი, ზეხმელი ან ფაუტი თუ გადაბერებული ხე და არსებობს მისი წაქცევის საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან სხვის კერძო საკუთრებას, რა თქმა უნდა, სამსახური ასეთ დროს აუცილებლად ითვალისწინებს მესაკუთრეების ინტერესებს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ დროს მესაკუთრეს ევალება სულ მცირე იმავე რაოდენობის ახალი ნერგის დარგვა. აღნიშნულის მიზანი გახლავთ ტერიტორიაზე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და დაცვა. გარდა ამისა, შესაძლოა არ არსებობდეს ზემოაღნიშნული საფრთხეები, მაგრამ მესაკუთრეს სურდეს საკუთარი ტერიტორიის გამოთავისუფლება დაავადებული, ხმობადი, ზეხმელი ხეებისგან. ასეთ დროსაც, სამსახური საკომპენსაციო რგვის სანაცვლოდ გასცემს ასეთი (არაჯანსაღი) მწვანე ნარგავების მოჭრის ნებართვას.

კერძო საკუთრებაში მწვანე ნარგავების მოჭრის კიდევ ერთი საფუძველია მიწის ნაკვეთზე აშენებული კონსტრუქციის დაზიანება. ამ შემთხვევაში აუცილებლად ხორციელდება საკომპენსაციო რგვა.

განსაზღვრულია თუ არა მწვანე ნარგავების სახეობები, რომლებიც უნდა დაირგოს მუნიციპალიტეტის ადმ. საზღვრებში?

2018 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დამტკიცდა დედაქალაქში დასარგავი ხე-მცენარეების სია თავისი მახასიათებლებით, რომელიც მუნიციპალიტეტის ლანდშაფტისა და კლიმატისათვის არის შესაბამისი. სწორედ აღნიშნული სიიდან უნდა შეარჩიოს მესაკუთრემ როგორც წიწვოვანი, ასევე, ფოთლოვანი მწვანე ნარგავები.

როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, როდესაც მაგალითად კორპუსის ეზოში სურს მწვანე ნარგავის მოჭრა?

ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ უნდა მიმართოს შესაბამის გამგეობას, ან ჩვენს სამსახურს. უშუალოდ სამუშაოებს ახორციელებს გამგეობა ან სამსახურის დავალებით შპს „ეკოსერვის ჯგუფი“.

მწვანე ნარგავების გადარგვაზეც რომ ვისაუბროთ, რა შემთხვევაშია მწვანე ნარგავების გადარგვა შესაძლებელი?

მწვანე ნარგავების ჭრისგან განსხვავებით, გადარგვას მხოლოდ ერთი საფუძველი აქვს, მწვანე ნარგავების გადარგვა დასაშვებია მხოლოდ ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების დროს. აღნიშნულიც გახლავთ სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილება და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. დაინტერესებულ პირს აქვს გადარგული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის ვალდებულება 3 წლის ვადით. ამ პერიოდში გადარგული მწვანე ნარგავის ხმობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა განხორციელდეს მისი ჩანაცვლება, ხოლო ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.

სავალდებულოა თუ არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის აღების დროს დენდროლოგიური პროექტის წარდგენა?

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის აღების პროცესში სავალდებულოა დენდროლოგიური პროექტის წარდგენა. აღნიშნული ვალდებულებისგან გათავისუფლებულია მხოლოდ ის განმცხადებელი, რომელსაც სურს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ინდ. სახლის კლასს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, არც ერთ მათგანს ევალება გამწვანების პროექტის წარმოდგენა. ორიოდე სიტყვით დენდროლოგიურ პროექტთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომლის ნაკვეთზეც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით დადგენილია შესაბამისი ზონირება, მაგ. საცხოვრებელი ზონა, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა და სხვა, ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი გამწვანების კოეფიციენტი (ე.წ. კ-3) და ამ კოეფიციენტის შესაბამისად დაანგარიშებული გამწვანების ფართობის ასათვისებლად ტერიტორიაზე დარგოს საკმარისი რაოდენობის მწვანე ნარგავი. აღნიშნულ შემთხვევაშიც, დაინტერესებულმა პირმა დასარგავი ნარგავების სახეობები უნდა შეარჩიოს ზემოთ დასახელებული სიიდან, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ პარამეტრებს.

ინფორმაციისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო მონაცემებით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ფარგლებში შეთანხმებული აქვს 2 800-ზე მეტი დენდროლოგიური პროექტი.

magti 5g