ის, რაც დაემართა საქართველოს 2008 წელს, იყო რეპეტიცია იმისა, რაც ახლა ხდება უკრაინაში, საქართველოს ოკუპაციაზე დასავლეთის რეაგირების სისუსტემ წაახალისა რუსეთი, რომ მას გაეგრძელებინა თავისი სისასტიკე, – ამის შესახებ უკრაინის ანტი-კორუფციული კოალიციის (Ukraine Anti-Corruption Coalition) წარმომადგენელმა დარია კალენიუკმა საოკუპაციო ხაზთან, ოძისში განაცხადა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, ოკუპაციის ხაზთან, რადგან ის, რაც დაემართა საქართველოს 2008 წელს, იყო რეპეტიცია იმისა, რაც ახლა ხდება უკრაინაში. საქართველოს ოკუპაციაზე დასავლეთის რეაგირების სისუსტემ წაახალისა რუსეთი, რომ მას გაეგრძელებინა თავისი სისასტიკე, დანაშაულები და ახლა ისინი გენოციდს სჩადიან უკრაინაში. უზარმაზარი ტერიტორიები უკრაინაში ოკუპირებულია და მილიონობით ადამიანი ცხოვრობს შიშში. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვთქვა, უკრაინაში უკრაინელი ხალხი დარწმუნებულია ამ ომში გამარჯვებაში. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ ყველა იმ ქართველის, ვინც ახლა იბრძვის უკრაინაში. ეს არის მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობთ და ჩვენ ვგრძნობთ, თქვენ გესმით, რომ ომი უკრაინაში თქვენი ომიც არის და ეს არის ომი თავისუფლებისთვის. მე ასევე ვარ ანტიკორუფციული აქტივისტი და მინდა ხაზი, გავუსვა, რომ სისხლიანი ფული რუსეთიდან მომწამვლელია. ისინი ყიდულობენ გავლენას, ყიდულობენ პოლიტიკოსებს საერთაშორისო დონეზე და დასავლეთში. შედეგად, დასავლეთი ხდება ძალიან ლოიალური რუსეთის მიმართ და ფიქრობს, რომ შესაძლებელია, რუსეთთან ბიზნესის კეთება, როგორც ჩვეულებრივ. ჩვენ არ გვჯერა ამის. მიგვაჩნია, რომ რუსეთი არის ტერორისტი სახელმწიფო და უნდა იყოს აღიარებული როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო თავისი ქმედებებისთვის ჩეჩნეთში, საქართველოში, მოლდოვასა და ახლა უკრაინაში“, – განაცხადა დარია კალენიუკმა.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილეები სოფელ ოძისში დღეს იმყოფებოდნენ.