პარლამენტის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს რაც პარლამენტში ხდება, ქვეყანაშ არსებულ დაპირისპირებას და გახლეჩვას ასახავს, რომელიც მისი სიტყვებით 90-ანი წლების კატასტროფისკენ მიაქანებს ქვეყანას და რომლის გაჩერებაც მთიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ერთადერთი გადაწყვეტილებით – გადაიყვანონ მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში.
დავით ბაქრაძემ პარლამენტში სხდომათა დარბაზში მოშიმშილე 9 დეპუტატი მოინახულა.
ბაქრაძის თქმით, დეპუტატები, რომლებმაც სააკაშვილი მოინახულეს, კატასტროფულ მდგომარეობას აღწერენ და როცა პენიტენციური სამსახური საზოგადოებას საპირისპიროს უმტკიცებს, მას ნულოვანი ნდობა ექნება.
“დაპირისპირება და დაძაბულობა ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება და დღეს უკვე არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ აქ მყოფი პარლამენტის წევრების სიცოცხლეც დამოკიდებულია ხელისუფლების ერთადერთ გადაწყვეტილებაზე, გადაიყვანონ მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში”
ბაქრაძის განცხადებით, ის ფაქტი რომ სააკაშვილის ექიმებს კონკრეტულ დაწესებულებაში არ უშვებენ, ბევრ ეჭვს აღძრავს.
“ჩვენ მოვისმინეთ იქ შესული ადამიანების ინფორმაცია, მათ შორის, ადვოკატების, პარლამენტის წევრების, რომლებიც აღწერენ კატასტროფულ მდგომარეობას, რომელიც არსებობს სამკურნალო რესურსთან დაკავშირებით. თუ ეს ტყუილია, ხელისუფლებამ შეუშვას დღესვე სამედიცინო კონსილიუმის წევრები, ექიმები და ექიმებმა გააცნონ საზოგადოებას რა მდგომარეობაა, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ციხეში არ უშვებს ექიმებს, ობიექტურ უცხოელ ადამიანებს, მაგალითად, ევროპარლამენტარებს და შემდეგ გვეუბნება, რომ მას ციხეში არაფერი აკლია, რა თქმა უნდა, ნულოვანი ნდობა ექნება საზოგადოების მხრიდან,“ – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, როცა ერთი მხრივ გვეუბნება, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და გლდანის საპატიმროს სამკურნალო დაწესებულებაში კარგად არის, მეორე მხრივ კი აცხადებს, რომ მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის გამო ვერ გადაიყვანენ სასამართლოზე. ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლება სააკაშვილს 2 ძირითად უფლებას – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე სამართლიანი სასამართლოსა და საკუთარი თავის დაცვის უფლებას ურღვევს.
„უკვე მეორე სასამართლო პროცესია მისი დაცვის უფლება ირღვევა და არ აძლევენ საშუალებას თავი დაიცვას. ეს არის ფეხქვეშ გათელვა არა მარტო საქართველოს კონსტიტუციის, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ყველა ძირითადი დოკუმენტის ამ მიმართულებით,“ – განაცხადა ბაქრაძემ.