პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნას, სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება.
მისი განცხადებით, რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად, უკრაინელების მიერ გაშვებული საზენიტო რაკეტები საჰაერო სამიზნეს ასცდნენ, რადგან რაკეტები საბჭოთა დროინდელია, რომლებმაც სავარაუდოდ, მიმართულება დაკარგეს. ალადაშვილის თქმით, რუსეთს საჰაერო თავდასხმა რომ არ განეხორციელებინა უკრაინაზე, არც უკრაინელები გამოიყენებდნენ საზენიტო რაკეტებს თავდასხმის მოსაგერიებლად.
ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ „უკრაინას კონფლიქტის გაყინვა არ სურს“. მისივე განმარტებით, „მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა გაათავისუფლეს დნიპროს მარჯვენა სანაპირო და ქალაქი ხერსონი, ზამთრის პერიოდის მიუხედავად მოსალოდნელია, რომ ფრონტის ხაზის კონკრეტულ მონაკვეთებზე სერიოზული შეტევები განხორციელდება“.
„ეს კიდევ ერთი გაკვეთილი იყო, რომ გაირკვეს ყველასთვის, მათ შორის პოლიტიკოსებისთვისაც, რომლებიც ჩქარობენ, არ ელოდებიან, რომ გაარკვიონ სიმართლე და აღმოჩნდებიან, რომ ისინი ცდებიან. რუსეთმა განახორციელა 15 ნოემბერს უკრაინის სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმა, გამოყენებული იყო 96 ტიპის სხვადასხვა რაკეტა, ასევე 100-ზე მეტი კამიკაძე დრონი, მათგან 75 ჩამოაგდეს. ამ რაკეტების ჩამოსაგდებად გაშვებული 2 საზენიტო რაკეტა S-300 ტიპის, ასცდნენ საჰაერო სამიზნეს და ჩამოვარდნენ საზღვრიდან 7კმ-ში მდებარე პოლონურ სოფელში და 2 ადამიანი სამწუხაროდ შეიწირა.
რაკეტები არის ძველი, საბჭოთა დროინდელი. გასაგებია, რომ საბჭოთა კავშირი, როდესაც დაიშალა მაშინ უკრაინას არ შეეძლო ამ რაკეტების შეძენა რუსეთში 30 წელზე მეტია და შეიძლება ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ეს რაკეტები სტარტის შემდეგ არა საჰაერო სამიზნისკენ გაფრინდნენ, არამედ დაკარგეს მიმართულება და ჩამოვარდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე.
რომ არ ყოფილიყო რუსეთის საჰაერო თავდასხმა, რა თქმა უნდა, ამ საჰაერო რაკეტებს არ გაუშვებდნენ.
ბევრმა ჩათვალა, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტმა, რომ ეს იყო რუსული რაკეტები, რომლებიც ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე აფეთქდნენ, რამაც ძალზე დაძაბა სიტუაცია და ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ ლიდერებს შორის თათბირი შედგა, მაგრამ საბედნიეროდ გაარკვიეს, რომ ეს რაკეტები იყო არა ფრთოსანი, არამედ საზენიტო რაკეტები, რომლებიც დიდი ალბათობით უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ იყო გაშვებული, რუსული ფრთოსანი რაკეტების მოსაგერიებლად.
ღირსეული მშვიდობა მას შემდეგ ვითარდება, როდესაც გაიმარჯვებ და შენ კარნახობ პირობებს წაგებულ მხარეს და არა პირიქით. სამწუხაროდ, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე პირიქით ვართ უკვე 30 წელია. უკრაინას არ სურს, რომ ასე გაიყინოს, რადგან ხედავს რა მოხდა მოლდოვაში, საქართველოში და იმასაც ხედავს, თუ რა გააკეთა აზერბაიჯანმა გაყინულ კონფლიქტთან დაკავშირებით,რომ ძალით დაკარგულის, ძალით დაბრუნება დაიწყო. ერთგვარი მაგალითია აზერბაიჯანი ამ სიტუაციაში უკრაინისთვის.
უკრაინას არ სურს კონფლიქტის გაყინვა, რადგან ზამთრის პერიოდი დგება, გარკვეულწილად შემცირდება საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა გაათავისუფლეს დნიპროს მარჯვენა სანაპირო და ქალაქი ხერსონი, ზამთრის პერიოდის მიუხედავად მოსალოდნელია, რომ სერიოზული შეტევები განხორციელდეს 1000 კილომეტრზე გადაჭიმული ფრონტის ხაზის კონკრეტულ მონაკვეთებზე“, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.