რამდენად გაზრდილია ბაზარზე ბინებზე მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა” M2-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიტა კიკნაძემ ისაუბრა.
ბოლო წლებში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა 2022 წელს იყო, რაც უმეტესწილად მიგრაციის დიდი მაჩვენებლით იყო განპირობებული.
2023 წლიდან ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა და 2024 წელს წინა წელთან შედარებით დაახლოებით 5%-მდე ზრდა იყო, რაც ბუნებრივ ზრდად შეიძლება ჩაითვალოს.
რაც შეეხება მეორად ბინებს, 2022 წელთან შედარებით, 2023-2024 წლებში მეორადი ბინების ბაზარზე გაყიდვების შემცირების ტენდენციაა.
რამდენად შეიცვლება ფასები მიმდინარე წელს?
რთულია პროგნოზირება თუ როგორ შეიცვლება ფასები 2025 წელს, რადგან ფასებიც ცვლილებაზე გავლენას არაერთი კომპონენტი ახდენს – ინფლაციის დონე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ეროვნული ვალუტის კურსის სიმყარე, სამშენებლო მასალების და შრომითი რესურსების ფასები.
ბაზარზე იზრდება კონკურენცია, ახალი დეველოპერული კომპანიები იწყებენ ოპერირებას, თუმცა, ვფიქრობ, უძრავ ქონებაზე 2025 წელს ფასების ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.
რა მოთხოვნა აქვს მომხმარებელს?
2024 წელს ბინის შეძენით დაინტერესებული პოტენციური მომხმარებლების დაახლოებით 60%-სთვის სასურველი ბინის ფართი იყო 40-60 კვ.მ., დაახლოებით 15-20%-ი 60-80 კვ. მეტრის ბინებს ეძებდა.
თუ არსებობს მოთხოვნის სტატისტიკა უბნების მიხედვით?
2024 წელს ყველაზე მაღალი მოთხოვნა საბურთალოზე დაფიქსირდა, ხოლო ზოგადად, ბოლო წლებში განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა საბურთალოს, ისანი-სამგორის რაიონებსა და დიდ დიღომში.
სტატისტიკით მყიდველი ქართველი თუ უცხოელი მომხმარებელია?
ბოლო წლებში გაყიდული ბინების მთლიან პორტფელში უცხოელების მიერ ნაყიდი ბინები დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ამ მხრივ ყველაზე აქტიურად ბინას ყიდულობენ ისრაელის მოქალაქეები. ასევე მოთხოვნა მზარდია გალფის ქვეყნებიდანაც (საემიროები, საუდის არაბეთი).