LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი დღის განმავლობაშია ვარგისი სააღდგომო კვერცხი და რომელი საღებავია უსაფრთხო – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი რეკომენდაციებს გვიზიარებს

1685
ირაკლი არაბული

აღდგომის დღესასწაულამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება – დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება იმ რეკომენდაციების ჩამონათვალიც, რომლებსაც სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მოსახლეობას სთავაზობენ.

ვინაიდან აღდგომაზე წითლად შეღებილი კვერცხი განსაკუთრებული სიმბოლოა, მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა გაითვალისწინონ რამდენიმე ნიუანსი მისი შეძენის, შენახვის, დამუშავებისა და მიღების დროს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კვერცხის შეძენის დროს, რა პირობებში უნდა შევინახოთ, რომელი საღებავია უსაფრთხო და როდემდეა ვარგისიანი შეღებილი კვერცხი – „ფორტუნას“ მკითხველს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული უზიარებს.

როგორც ირაკლი არაბული აღნიშნავს, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქციის რეალიზაციის ადგილი – ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც დაცულია ტემპერატურული რეჟიმი და პროდუქტი, სულ მცირე, მაცივარშია მოთავსებული. ამასთან, ეს უნდა იყოს ისეთი სავაჭრო ადგილი, რომელიც რეგისტრირებულია და კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლდება. სურსათის უვნებლობის სპეციალისტის თქმით, ასეთ ობიექტებზე უფრო ნაკლებია რისკი, რომ რაიმე საფრთხის შემცველი პროდუქტი შევიძინოთ.

ბატონო ირაკლი, რა რისკებს შეიცავს დაუბეჭდავი ან გაურკვეველი წარმომავლობის კვერცხის მოხმარება?

– ბაზარზე ძალიან ბევრი კვერცხი შემოდის თითქოს სოფლის კვერცხის დასახელებით, რომელსაც ფიზიკურად არც ვადა ეტყობა და ვერც მის მწარმოებელს დავადგენთ. დიდია რისკი, რომ შესაძლოა, საერთოდ არ იყოს სოფლის კვერცხი, ან იყოს ვადაგასული.

ამ შემთხვევაში, ან ჩვენს ჯანმრთელობას ვრისკავთ ან აღნიშნული კვერცხის გამყიდველს ვენდობით.

რა პირობებია საჭირო კვერცხის სწორად შესანახად და რა მოხდება, თუ ეს პირობები არ დაკმაყოფილდა?

– ხორცისგან განსხვავებით, კვერცხი შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე ინახებოდეს და მისი რეალიზაცია ხდებოდეს. თუმცა სასურველია, მაცივარში იყოს მოთავსებული, ოღონდ არა მაცივრის კარის თაროზე, არამედ შიდა სათავსოში.

მაცივარში კვერცხის შენახვის ვადა 30 დღეა, ოთახის ტემპერატურაზე კი – 20 დღე.

რამდენი საათი აქვს შენახვის ვადა სააღდგომოდ შეღებილ კვერცხს?

– შეღებილ კვერცხს ჩვენთან რიტუალური დანიშნულება აქვს და რატომღაც უფრო დიდხანს ვიყენებთ. მასაც, როგორც ჩვეულებრივ, მოხარშულ კვერცხს, სამაცივრე პირობებში შენახვის ვადა 72 საათი აქვს.

რამდენად უსაფრთხოა ბუნებრივი საღებავი – ენდრო და სჭირდება თუ არა მას გამოყენებამდე სპეციალური დამუშავება?

– თუ ენდროს ფესვებს მიწის ნაწილაკები აქვს, ისინი აუცილებლად უნდა მოსცილდეს და ენდრო საფუძვლიანად გაირეცხოს. არსებობს რისკი, რომ მიწა სხვადასხვა მავნე ბაქტერიით იყოს დაბინძურებული.

თუ ენდრო დაობებულია, მსგავსი ფესვები არ გამოიყენოთ, რადგან უკვე წარმოქმნილია ობის სოკოები და არსებობს ტოქსინების გამოყოფის რისკი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სხვა მხრივ, ენდრო ყველაზე უსაფრთხო ბუნებრივი საღებავია.

არის თუ არა ყველა საღებავი უსაფრთხო?

– დღეს ბაზარზე ძალიან ბევრი საღებავია, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ყველა გაკონტროლდეს. მნიშვნელოვანია ეტიკეტირებული საღებავის შეძენა – მასზე დატანილია ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ და აღნიშნული საღებავის გამოყენებას თავად მწარმოებელი უწევს რეკომენდაციას.

მოვერიდოთ ისეთი საღებავის შეძენას, რომელსაც წარწერა მითითებული არ აქვს.

რამდენ ხანს უნდა მოვათავსოთ კვერცხი საღებავში?

– ამ საკითხზე პასუხი ინდივიდუალურია, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის მუქი ფერი უპირატესია, ზოგი მკრთალ შეფერილობას ამჯობინებს. მთავარია, კვერცხი სრულყოფილად მოიხარშოს და თუ ნაჭუჭზე ან შუაგულში რაიმე მავნე ბაქტერიაა, განადგურდეს.

ამასთან, სასურველია, რომ აღარ გამოვიყენოთ კვერცხი, რომელიც მოხარშვის დროს გაიბზარა. მართალია, ენდრო ბუნებრივი საღებავია და ნაკლებ საფრთხის შემცველია, მაგრამ შესაძლებელია, მცირე ბზარი კვერცხის მოხარშვამდეც იყო და მასში დაბინძურება იყოს.

რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა, თუ პროდუქტის ეტიკეტზე დარღვევა შეამჩნია?

– თუ მომხმარებელი რაიმე დარღვევას ხედავს, პირველ რიგში, უნდა მიუთითოს ბიზნესოპერატორს და მიუთითოს პრობლემაზე.

ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, დარეკოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე: 15 01.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g