ავტომობილის მართვის მოწმობის საფასური იცვლება. ამის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.
როგორც პროექტშია აღნიშნული, თეორიულ გამოცდაზე დაშვება 40 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდება. ასევე, მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ფასები გათანაბრდება.
ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკული გამოცდა ხდება ორეტაპიანი, თითოეული ეტაპის საფასური დამოუკიდებლად დადგინდება.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პირველი ეტაპი ანუ დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდაზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი იქნება; ხოლო მეორე ეტაპზე ანუ რეალურ მოძრაობაში (ქუჩაში) ერთჯერადად დაშვების ფასი – 90 ლარი იქნება.
“კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის დახვეწა და ასევე, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლება. მართვის მოწმობის მიღების პროცესს დაემატება ახალი ეტაპი – რეალურ საგზაო სივრცეში მონაწილეობა, იმისათვის რომ მძღოლობის კანდიდატმა მართვის მოწმობა მიიღოს. ნებისმიერი გასვლა დახურულ მოედანზე 40 ლარი იქნება. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ღირებულება B კატეგორიისთვის იქნება 90 ლარი. ყველა სხვა კატეგორიისთვის იქნება 150 ლარი. ასევე განსაზღვრულია დაჩქარებული მომსახურების საფასური,“- განაცხადა მომსახურების სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ.