ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2 000 ლარით, იურიდიული პირები კი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„მთავრობის რეგულაციებით იკრძალება ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სოციალური ღონისძიებების გამართვა.
იცით, რომ 10 პირამდე შეკრებაა ნებადართული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ ასეთი მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია და თუ ასეთი რამ მოხდება, ეს ჩაითვლება მძიმე დარღვევად და ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2 000 ლარიანი სანქციით, იურიდიული პირები – 10 000-ლარიანი ჯარიმით.
თუმცა, მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება მაღალი პასუხისმგებლობის, როგორც ეს აქამდე იყო და ასეთი ტიპის დარღვევები არ გვექნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ რეგულაციის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.