„2021 წლის განმავლობაში 1880-მა დასაქმებულმა ისარგებლა საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით. საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან, ამავე პერიოდში, სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 302 დასაქმებული”, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტზე 2021 წლის ანგარიშის განხილვისას ისაუბრა.
გიორგი დანელიას თქმით, 2019 -2021 წლის პერიოდში საპენსიო სააგენტომ პენსიის დანიშვნისა და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ 1714 განცხადება მიიღო.
“2019 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებისათვის საპენსიო ფონდიდან გამოტანილმა აქტივებმა შეადგინა 58 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი. 2019 -2021 წლის პერიოდში საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა პენსიის დანიშვნისა და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ 1714 განცხადება, შეგახსენებთ ეს არის ის განცხადებები, როდესაც ჩვენი სქემის მონაწილეები სარგებლობენ საკუთარი დაგროვილი დანაზოგით. ამ პერიოდში გაცემული აქტივების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 2 184 460 ლარი, ხოლო 2021 წლის განმავლობაში გაცემულმა პენსიამ შეადგინა 1 500 000 ლარზე მეტი“, – აღნიშნა დანელიამ.