შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელს გიორგი ბახტაძეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თათია სამხარაძესთან ე.წ სექსსკანდალი იყო საბაბი, რეალურად კი ბახტაძემ მასზე ზეწოლა და ანგარიშსწორება განახორციელა და წინასაარჩევნოდ სამსახურიდან გაათავისუფლა.
რამიშვილის ინფორმაციით, გიორგი ბახტაძემ იგი, როგორც პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი აიძულა, გადაცემაში მოეწვია ლევან მურუსიძე და მისთვის სასურველი მოსამართლეები. ჟურნალისტი აღნიშნულ თემაზე ვაიბერ-მიმოწერასაც ასაჯაროებს.
რამიშვილის თქმით, გადაცემა გამოვიდა ძალიან ცუდი და დადგმული, რის გამოც იგი მაყურებელს ბოდიშს უხდის.
ტელეწამყვანის თქმით, ამის შემდეგ მასსა და ბახტაძეს შორის შედგა მწვავე საუბარი და შალვა რამიშვილმა ტელეკოპმპანიის ხელმძღვანელს უარი განუცხადა მსგავსი მითითებების შესრულებაზე. როგორც რამიშვილი აცხადებს, მას დავალებაზე უარის თქმა რამდენჯერმე მოუხდა, რის შემდეგაც ტელეკომპანიის ხელმძღანელმა რამიშვილის „იმედიდან ჩამოშორება გადაწყვიტა და თათია სამხარაძესთან არსებული აუდიოჩანაწერით დააშანტაჟა.
შალვა რამიშვილის მტკიცებით, ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელის უკან რეალურად დგას ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური და ბიზნესინტერესები აქვს, სწორედ ის მოქმედებს ბახტაძის ხელით.
რამიშვილი მიმართავს პროკურატურას, გამოიძიოს მისი შანტაჟისა და საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტი.
