ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ეხმაურება. თეა გვასალია მადლობას უხდის ეროვნულ ნაკრებს, რომ „გაგვახსენეს, რამხელა ბედნიერება ყოფილა, იმ გრანდების გვერდით შენი ერთი ციდა – 4 მილიონიანი ქვეყნის ჰიმნი რომ გუგუნებს და შენი ქვეყნის დროშებით გადათეთრებულ – გადაწითლებულ სტადიონზე, ნაკრების საგულშემატკივროდ ჩასულ ქართველებს სიამაყის ცრემლები სდით“.
„ჩვენო სასახელო ბიჭებო, ფეხბურთელი არავინ მყავს აქაურ მეგობრებში, ამიტომ არ მგონია ჩემი პოსტი თქვენამდე მოვიდეს, მაგრამ ჩემ წილ მადლობას მაინც გეტყვით, იმისთვის რომ:
- ორი კვირით დაავიწყეთ პოლიტიკით დაავადებულ ერს ეს ჭირი და გუშინდლამდე ბედნიერების ტალღებზე მოდრეიფე ამყოფეთ.
- რომ ბოლო 7 დღის მანძილზე გუგლის საძიებო სისტემაში 375 მილიონმა ადამიანმა მოიძია საქართველო.
- რომ იგივე ერთი კვირის განმავლობაში, ესპანური სპორტული გადაცემები და პრესა მხოლოდ საქართველოზე საუბრობდა, ენას იმტვრევდა მიქაუტაძე- ქოჩორაშვილ – წიტაიშვილის ამოსათქმელად საჭირო ხშულ ნაპრალოვან ბგერებზე და ბოლოს, ღონემიხდილებმა დაასკვნეს ყველაზე იოლი ქართული გვარი ბერია ყოფილაო.
- რომ მათვე მოიძიეს მადრიდში ქართული რესტორნები და მართალია ხინკალი, ხაჭაპური და ჩაქაფულიდან ვერც ერთი თქვეს სწორად, სამაგიეროდ გემო შეუქეს და სხვებიც წააქეზეს მათ გასასინჯად.
- რომ გაგვახსენეთ, რამხელა ბედნიერება ყოფილა, იმ გრანდების გვერდით შენი ერთი ციდა – 4 მილიონიანი ქვეყნის ჰიმნი რომ გუგუნებს და შენი ქვეყნის დროშებით გადათეთრებულ – გადაწითლებულ სტადიონზე, თქვენს საგულშემატკივროდ ჩასულ ქართველებს სიამაყის ცრემლები სდით.
- რომ ბოლომდე იბრძოლეთ, თავი არ დაგიზოგავთ, რონალდოს გუნდი დაამარცხეთ და თქვენ შემხედვარე პატარა ბიჭებს ფეხბურთის ჟინი დაუბრუნეთ.
მე თქვენ რა რჩევა უნდა მოგცეთ, იმდენი წელია ფეხბურთისთვის არ მიყურებია, რომ მამარდაშვილმა ცოცხალი კედელი რომ დააყენა და იმ კედლის ძირში კაცი დაწვა, გული გამისკდა, მეგონა ცუდად იყო.
მხოლოდ ერთს გეტყვით. კონტრშეტევაზე გადასული რომელიმე თქვენგანი, ოთხ ესპანელში რომ ცდილობდა გაძრომას და კარში დარტყმას არადა იქვე, თქვენს ახლოს, ჩემისთანა ბეციც რომ ხედავდა თავისუფალ კაცს, ხანდახან მისთვისაც გადაგეცათ ბურთი, არ ჯობდა?
თუ ვცდები, ნუ მომაქცევთ ყურადღებას და დაუჯერეთ მაგ ჭკვიან და სიმპათიურ ფრანგს. აქამდე კი მოგიყვანათ ფეოლასავით და არც აწი გირჩევთ ცუდს 😍“, – წერს თეა გვასალია.