LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ემსახურება სკოლის საპირფარეშოებში ვიდეომონიტორინგი და როგორ დავიცვათ თავი სამსახურებში ფარული თვალთვალისგან

162
77

სახელწიფო ინსპექტორის სამსახურმა სკოლების ჰიგიენურ წერტილებში დამონტაჟებული კამერები და კერძო/საჯარო დაწესებულებებში უკანონო თვალთვალის ფაქტები გამოავლინა.

რა ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ სამსახურში უკანონო მოსმენისგან დავიცვათ თავი, საკითხზე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში „დღის თემა“ არჩილ ჯაველიძემ,  სახელმწიფო ინსპექტორის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ისაუბრა.

„სახელმწიფო ინსპექტორმა წარადგინა 2020 წლის ანგარიში, სადაც დარღვევის უამრავი ფაქტებია აღრიხხული. ცნობილია, რომ კერძო და საჯარო დაწესებულებები ახორციელებენ ვიდეომონიტორინგს, შესაბამისად ამ მიმართულებით სახელმწიფო ინსპექტორმა არაერთი შემოწმება განახორციელა, მათ შორის იყო საჯარო სკოლები და სამართალდამცავი ორგანოები. ამ გამოწვევის ფარგლებში სხვადასხვა სახის გადაცდომა გამოვლინდა. მათ შორის იყო საპირფარეშოებში ვიდეომონიტორინგი, რაც კანონის თანახმად აკრძალული იყო. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ვიდეოსათვალთვალო კამერით დასაქმებულთა მონიტორინგი ხორციელდებოდა და ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ დასაქმებული პირი წერილობით იყოს ინფორმირებული.

შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ გარკვეული ორგანიზაციები ვიდეოთვალთვალთან ერთად ახორციელებდნენ აუდიოჩაწერასაც.

დამქირავებელს ამისთვის უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზეზი და მიზნის მიღწევის შემდეგ მუდმივად არ უნდა განახორციელოს აუდიო მონიტორინგი“.- აღნიშნა „დღის თემასთან“ საუბარში არჩილ ჯაველიძემ.

 

რას ემსახურება სკოლის საპირფარეშოებში ვიდეომონიტორინგი 

 

„არგუმენტი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ საპირფარეშოებში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ინციდენტს. სკოლების ადმინისტრაციის თქმით საპირფარეშოებში არის ადგილები, სადაც კონფლიქტი იწყება და ამ მიმართულებით თვლიდნენ, რომ კამერების იქ განთავსება იყო მნიშვნელოვანი, რომ გარკვეული სახის ინფორმაცია მიეღოთ. თუმცა კანონი მათ უკრძალავს საპირფარეშოებში ვიდეომონიტორინგის განხორციელებას.

სკოლამ სხვა გზით უნდა მოახდინოს არასრულწლოვან პირთა უფლებების დაცვა“. – ამბობს არჩილ ჯაველიძე.

 

როგორ უნდა დავიცვათ თავი სამსახურებში ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებისგან

 

„ გამაფრთხილებელი ნიშანი აუცილებლად უნდა იყოს  სივრცეში, სადაც ვიდეომონიტორინგი ხორციელდება, იმისათვის რომ თვითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს იმის აღქმა, რომ კონკრეტულ ადგილას ჩვენი ქცევის მონიტორინგი მიმდინარეობს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, უშუალოდ ორგანიზაციები, რომლებიც ანხორციელებენ ვიდეოთვალთვალს  მიღებული ჰქონდეთ უსაფრთხოების იმგვარი ზომები, რომ ჩანაწერები არ აღმოჩნდეს მესამე პირების ხელში.

სამწუხაროდ ამ მიმართულებით გადაცდომები გვაქვს. ორგანიზაციებს არ აქვთ უსაფრთხოების ზომები მიღებული და შესაბამისად გარკვეული ჩანაწერები ხვდება მესამე პირების ხელში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ სათვალთვალო სისტემას პირველ რიგში დაცული ჰქონდეს პროგრამა, რომლის წვდომა მკაცრად იქნება შეზღუდული.ასევე მომხმარებლის სახელი, რომელიც გამოიყენება ვიდეოჩანაწერების წვდომის სანახავად, უნდა ჰქონდეს შეზღუდულ პირთა წრეს“, – განმარტავს სახელმწიფო ინსპექტორის კერძო სექტორზე ზედმახედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

რა ბერკეტი გვაქვს რეალობის შესაცვლელად, თუ ვთვლით, რომ აუდიო-ვიდეო მონიტორინგისას ჩვენი უფლებები ილახება

 

„უნდა მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს თუ თვლით, რომ ვიდეოკამერების მეშვეობით ადგილი აქვს გარვეულ გადაცდომას. სამსახური შეისწავლის რამდენად კანონიერია კონკრეტული დაწესებულების მიერ მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე შეაფასებს ამ საკითხს“. – ამბობს არჩილ ჯაველიძე.

მან ასევე განმარტა, რომ დარღვევები გამოვლინდა არამარტო კერძო დაწესებულებებში, არამედ საჯარო სამსახურებშიც.

 

magti 5g