რას მოიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა” პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ პოპიაშვილმა ისაუბრა.
რა საკითხებზეა გამახვილებული ანგარიშში ყურადღება?
2024 წლიდან ამოქმედდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, რომელიც პერსონალური მონაცემის დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ეფექტიანი დაცვისთვის უფრო მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად გარკვეულ სიახლეებს ითვალისწინებს, კერძოდ: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრისა და სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის, ინციდენტის სამსახურისთვის შეტყობინების, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულებებს და სხვა.
ხაზგასასმელია, რომ ახალი საკანონმდებლო რეგულირებით პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების დამუშავება მხოლოდ მისი თანხმობით არის დასაშვები. მიმდინარე პერიოდის განმავლობაში, მარკეტინგული ხასიათის შეტყობინებების თუ ზარების მეშვეობით მონაცემთა სავარაუდო არაკანონიერი დამუშავების ფაქტებზე სამსახურს არაერთმა პირმა მომართა.
ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაგეგმა და განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი გასვლითი თუ ადგილობრივი ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, კერძოდ გაიმართა სექტორული შეხვედრები კერძო და საჯარო დაწესებულებთან, ჩატარდა ლექციები-ტრენინგები როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ფორმატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებთან და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ პირებთან, ასევე მომზადდა ე.წ. „პოდკასტები”, რომლის ფარგლებშიც სამსახურის თანამშრომლებმა მიმოიხილეს ახალი კანონით განსაზღვრული ყველა მნიშვნელოვანი სიახლე და მათი პრაქტიკაში განხორციელების, იმპლემენტაციის საკითხი, სამსახურმა დანერგა ინდივიდუალური საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები ნებისმიერი დაინტერესებულ პირისთვის, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ყოველი კვირის პარასკევ დღეს.
რამდენი კონსულტაცია დაფიქსირდა?
ამასთან, კანონის ეფექტიანი იმპლემენტაციის უზრუნველყოფისთვის დაინტერესებულ პირთა მომართვის საფუძველზე სამსახურმა გასცა 16 000-ზე (თექვსმეტი ათასი) მეტი კონსულტაცია, რომელიც სამჯერ აღემატება 2023 წლის გაწეული კონსულტაციების რაოდენობას.
საგულისხმოა, რომ სამსახურისთვის მომართვის წესი განემარტა ათასამდე ფიზიკური პირს, რაც სუბიექტების უფლებებისა და სამსახურის კომპეტენციის თაობაზე ინფორმირებულობის გაზრდაზე მიგვანიშნებს.
რაც ეხება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას….
აღსანიშნავია რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ევროპული ღირებულებების მხარდაჭერა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დამკვიდრებაა, ხოლო აღნიშნული მიზნით სამსახური საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატშია ჩართული.
2023 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (“EDPB”) დამკვირვებლის სტატუსი მოიპოვა, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსსა და სამსახურის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საბჭოს პლენარულ სხდომებში. „EDPB” ევროკავშირის მასშტაბით პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციების ეფექტიან უზრუნველყოფასა და მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა თანმიმდევრული, ერთგვაროვანი და საუკეთესო პრაქტიკის ჩამოყალიბებაშია ჩართული. შესაბამისად აღნიშნული სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა სამსახურისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია.
საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ხორვატიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოსთან („Agencija za zaštitu osobnih podataka”), იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან („Garante per la protezione dei dati personali”) და სან მარინოს რესპუბლიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან („Autorità Garante per la Protezione dei Dati Personali”). აღნიშნული მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების, კონფერენციების, სემინარების, სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისა და მონაცემთა დაცვის გლობალურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფისთვის, უმნიშვნელოვანესი სიახლეა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარგის ექსპერტების საერთაშორისო ასოციაციაში“ („IAPP”) კორპორაციული წევრის სტატუსით გაწევრიანება. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამსახურის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას, ინსტიტუციურ განვითარებას, ასოციაციის ელექტრონული ბიბლიოთეკის მუდმივად განახლებადი რესურსები კი სამსახურს მონაცემთა დაცვის მიმართულებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და სიახლეებზე ინფორმირებულობაში დაეხმარება.