LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასაკვირველია “ფეიკია”… მე თუ მკითხავთ, ცუდი არ იქნება, ჩამოვიდეს, კი ბატონო, ხელისუფალი ელოდება: კახაძე სააკაშვილზე

109
1

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების დაანონსებისა და ავიაბილეთის ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, დღეს დილით მოულოდნელად განაცხადა, რომ უკვე საქართველოშია.

მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვიდეომიმართვები გამოაქვეყნა და თქვა, რომ საზოგადოებას ბათუმიდან მიესალმება.

ვიდეოები ავთენტურია თუ “ფეიკი”? – დილიდან ისმის ეს კითხვა, პასუხები კი სხვადასხვაგვარია.

სააკაშვილის საქართველოში ყოფნას ადასტურებენ “ნაციონალურ მოძრაობაში” და უარყოფენ მმართველ გუნდში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ლადო კახაძის მოსაზრებით სააკაშვილის  გავრცელებული ვიდეო “ფეიკია”. თუმცა “ფორტუნასთან” საუბრისას დასძენს, რომ  ძებნილი, დამნაშავე, რომლის ჩამოყვანაშიც ქვეყანამ ფული უნდა დახარჯოს თუ თავის ფეხით ჩამოდის, ამაზე კარგი  ხელისუფალისთვის არაფერია.

“რასაკვირველია ფეიკია, აბა როგორ, ასეთ რამეს სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ჩემი პროფესია მტკიცებულებითი მედიცინაა, ამას ვაგრძელებ პოლიტიკაშიც და არასერიოზულ რამეზე კომენტარი როგორ გავაკეთო?

ეს შეიძლება ხერხია, კი, პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, ალბათ. ეს შემდეგ იმათ შეაფასონ, ვისთვისაც გაკეთდა ეს “ფეიკი”.

დღეს, ვიდეო დადეს ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა, რომლებსაც არც ნიჭი აქვთ სიმღერის, არც უმღერიათ – მღერიან კლასიკურ იტალიურ სიმღერებს და ისე კარგად არის შეხამებული პირის მოძრაობა. დღეს მსოფლიო ძალიან ადვილად სწავლობს ამ ტექნოლოგიებს და ჰიბრიდული შეტევები, ტექნიკური ოპერაციები, უამრავი რამეა, რომელიც გამოიყენება და არ ვიცი, დასაშვებია თუ არა, ეს განსაზღვროს საერთაშორისო კანონმდებლობამ.” – ამბობს ლადო კახაძე.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას, კახაძე აცხადებს, რომ ეს თავად მისი გადასაწყვეტია და როდესაც ძებნილი დამნაშავე ქვეყანაში თავის ფეხით ჩამოდის, ამაზე კარგი არც ერთი ხელისუფალისთვის არაფერია:

“სხვა თემაა, შეძლებს თუ ვერ შეძლებს. ეს მისი გადასაწყვეტია. კაცმა თქვა ოფიციალურად – მოვდივარო, აგერ, ბილეთიც დაუდია და ეს მისი საქმეა. რასაკვირველია, ყველა ხელისუფლებისთვის კარგია, თუ ჩამოდის თავისი ფეხით, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ვიქნებით ეს ჩვენ, თუ სხვა.

ძებნილი დამნაშავე, რომელიც დამნაშავეა, სტრასბურგს, საერთაშორისო სამართალს ჰყავს აღიარებული და ქვეყანამ მის წამოყვანაში ფული უნდა დახარჯოს, თავის ფეხით თუ ჩამოდის – ამაზე უკეთესი ხელისუფლებისთვის რა არის, კაცო? მოხდება მისი იზოლირება და კანონის წინაშე იქნება პასუხისმგებელი, ანუ ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც კიდევ ერთხელ იქნება სამართლიანობის გზაზე გამართული.

მე თუ მკითხავთ, ცუდი არ იქნება, იმიტომ რომ ჯანჯღარს, ყოველდღიურად ადამიანების შეწუხებას – მასაც ხომ ჰყავს თავისი გულშემატკივრები? – ვიღაცას ამისი სჯერა, ვიღაცას იმისი და ისინიც შეწუხდნენ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს ეს ამბავი.
ჩამოვიდეს, კი ბატონო, ხელისუფალი ელოდება ამას, საერთაშორისო სამართალი ელოდება.

კახაძის თქმითვე, სააკაშვილი რუსეთის პროდუქტია და რუსეთის გეგმის ნაწილია საქართველოს მუდმივ ქაოსში ყოფნა ნებისმიერი ფორმით, გამოიყენებს არჩევნებს, დესტრუქციას თუ ჰიბრიდულ ინფორმაციას:

“ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, დამოუკიდებელი, სუვენერული, ღირსეული ცხოვრება არ აწყობს, ეს არის ჩვენი ბოღმით შეპყრობილი რუსეთი, რომელიც ჰიბრიდული ომისა და მეხუთე კოლონის მეოხებით, შიგნით და გარეთ გვებრძვის.

რუსეთის გეგმის ნაწილია საქართველოს მუდმივ ქაოსში ყოფნა ნებისმიერი ფორმით, არჩევნებს გამოიყენებს, რაღაც დესტრუქციას შემოაგდებს, გამოიყენებს ჰიბრიდულ ინფორმაციას…

სააკაშვილი რუსეთის პროდუქტია, ამას ახლა კი არ ვიძახი, რამდენი ხანია, სააკაშვილი და ის რევოლუცია არის რუსეთის მოწყობილი.
ასეთი ადამიანი აწყობთ რუსებს, მიშა არ იქნება? მიშასნაირს მოძებნიან მიშას გუნდიდანვე, მიშასნაირი ადამიანი აწყობთ რუსებს, ადვილი სამართავია და ყველგან სადაც კი ჩავარდა მიშა, ყველგან რუსული საქმე გააკეთა.” – განაცხადა “ფორტუნასთან” კახაძემ.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ დღეს, დილით “ფეისბუქში” ჯერ დაწერა, შემდეგ კი ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლებშიც ამბობს, რომ საზოგადოებას ბათუმიდან მიესალმება და რომ გარისკა სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g