„ქართული ოცნების“ წევრი, რატი იონათამიშვილი ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმაურება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფასა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებას ეხება.
იონათამიშვილის განცხადებით, მისთვის საელჩოს ეს განცხადება გაუგებარია.
„თვითონ ინიციატივასთან დაკავშირებით ჩვენ კრიტიკა არ მოგვისმენია. ის, რომ ინსტიტუციური მოწყობა და ფუნქციების გადანაწილება სწორი გადაწყვეტილებაა, ამაზე განსხვავებული აზრი არ ყოფილა. შესაბამისად, გაუგებარია ასევე, რატომ კეთდება განცხადებაში აქცენტი პოლიციის თანამშრომელზე, როდესაც სამოხელეო დანაშაულის გარკვეულ ტიპებზეა სინამდვილეში საუბარი, ან რა ხარვეზი არსებობს უზენაეს სასამართლოს მოსამართლის არჩევასთან დაკავშირებით, როცა ის პროცედურები, რაც ჩვენს ქვეყანაში არის, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ინკლუზიური და გამჭვირვალეა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა დღეს არის ყველაზე მაღლა ნიშნულზე და ეს ტენდენცია ცხადია, მომავალშიც გაძლიერდება,“ – განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მმართველმა პარტიამ „მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა.“ განცხადებაში საელჩო ასევე გამოეხმაურა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებას და აღნიშნა, რომ აღნიშნულმა სასამართლოს მიმართ ნდობა შეასუსტა.