ყოველწლიურად საქართველოს ათასობით ავტომობილი ემატება. დღეისათვის არსებულ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ საქართველოში ყოველ მესამე ადამიანს ავტომობილი ჰყავს. ეს მოქმედებს როგორც ჰაერის დაბინძურებაზე, აგრეთვე აფერხებს ქვეითად მოსიარულე ადამიანებსაც. შესაბამისად, ძალიან დავინტერესდით რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეითები და რამდენიმე მათგანს აზრი ვკითხეთ. როგორც ჩანს, ეს პრობლემა ქვეითად მოსიარულეთა ხშირი განხილვის თემაა და საკმაოდ მწვავე საკითხი მათთვის.
გიორგი 25 წლის
საქმე სულაც არ გახლავთ იმაში, რომ ავტომობილების რიცხვი იმატებს. აქ პრობლემა სულ სხვა რამეშია. მძღოლების უმეტესობამ არ იცის გზის დათმობა არც ზებრაზე და არც სხვა ადგილზე. შუქნიშანზეც კი ჰგონიათ, რომ უპირატესობით სარგებლობენ. ისე გადაგივლიან, ან დაგარტყამენ, თვალსაც არ დაახამხამებენ. რათქმაუნდა ეს ყველას არ ეხება, მაგრამ 80% უკულტურო და უზრდელი მძღოლია. თან მუდმივად შენ გადანაშაულებენ, როგორ თუ მის წინ ფეხით გაიარე, ის ხომ ავტომობილითაა. ყველაზე საშინლად მოძრაობენ სახელმწიფო ავტომობილები, აი „ჩაბურულშუშებიანს“ რომ ვეძახით. მათ წინ მოხვედრას, მართლაც არავის ვურჩევ. ზუსტად ჩემს თვალწინ ზემოთხსენებულმა ავტომობილმა 14 წლის ბავშვი დაასახიჩრა და ისე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ვერავინ ვერ მოვასწარით დანახვა.
ნათია 35 წლის
საშინელი მდგომარეობაა. განსაკუთრებით ეს ვიწრო ქუჩებს ეხება. ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარზე გადაადგილებაც კი ჭირს. მაგალითად, უნივერსიტეტთან ვაკეში პარკირების ზოლი ისეა მოწყობილი, რომ პირდაპირ კორპუსზე აჩერებენ მძღოლები ავტომობილებს. მიდი და გაიარე, თან ისე, რომ არც ავტომობილი დააზიანო და არც საკუთარი თავი. მძღოლების გამაუმაძღრობაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ისეთ ადგილებშიც კი, სადაც პარკირება აკრძალულია, მინიმუმ 5 ავტომობილია გაჩერებული თან ისე, რომ ნემსიც ვერ გაეტევა. ჰაერის დაბინძურებაზე ლაპარაკიც არ მინდა. იმდენი მტვერი და ტალახია ქალაქში, ვერც კი წარმოიდგენთ. ადრე თუ კუს ტბის მიდამოებში ოდნავ მაინც იყო სუფთა ჰაერი, დღეს იქაც მხოლოდ მტვრის ჩასუნთქვას თუ შეძლებ.
გიგა 23 წლის
ზუსტად გუშინ ვსაუბრობდი მეგობრებთან ამ პრობლემებზე და რატომ. გუშინ ერთ-ერთი სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობდი, ასე ექვსის ნახევარი იქნებოდა. გადატენილი რომ იქნებოდა ალბათ ამას ხაზი არ უნდა გავუსვა, მაგრამ მძღოლის მანევრირებას რაც შეეხება, არ შემიძლია ერთი-ორი სიტყვა რომ არ ვთქვა. მოკლედ, აღმაშენებელის ძეგლიდან დიღმისკენ ჩამოუხვია და აქ დაიწყო მთელი რიგი დარღვევები. ჯერ იყო და შემოსახვევში კინაღამ ჯიპს დაეჯახა, მართალია ჯიპის ბრალი იყო, მას უნდა დაეთმო გზა, მაგრამ ისე ახლოს მოუხვია სამარშუტო ტაქსის მძღოლმა, რომ ფაქტიურად სასწაულით გადავრჩით შეჯახებას. ნუ კარგი, გადავრჩით, არაუშავს. ახლა ზოლიდან ზოლში დაიწყო სიარული, თან საცობია. პირველი ზოლიდან, მესამეში გადაინაცვლა, მერე მესამე არ მოეწონა, მეორეში გადმოვიდა, მეორედან საერთოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა და დაიწყო სიგნალი და გინება, გამატარეთ მოვდივარო. შევღონდი. ბოლოს როგორც იქნა გაცდა შუქნიშანს და უეცრად დაამუხრუჭა, მგზავრი აიყვანა… თქვენ გგონიათ ბორდიურთან ახლოს მივიდა? არა… პირდაპირ მეორე ზოლში გაჩერდა. ნუ მეტი რა შეიძლება რომ ვთქვა. ხმას ამოიღებ და მძღოლიან მგზავრებიანად ყველა შენ გაგამტყუნებს, არ იტყვი არაფერს და უარესს შვებიან.
ნამდვილად საინტერესოა მსგავსი პრობლემების გადაჭრა ვის ევალება, მერიას თუ საპატრულო პოლიციას? ან საერთოდ კონტროლდება ასეთი შემთხვევები? თუმცა ფაქტია, რომ არც ქვეითად მოსიარულეებს და არც მძღოლებს კარგად არ აქვთ საქმე. როგორც მერია აცხადებს, სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს, თუმცა კონკრეტული ქმედებები ჯერჯერობით არსად არ ჩანს. თუმცა ყველა ერთად ველოდებით როდის განიტვირთება მდგომარეობა ქალაქში.