LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ითხოვს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გაეროს „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსს და რას პასუხობს საქართველოს საგარეო უწყება

88
Untitled design - 2022-02-10T115643.916

რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო სამინისტროზე დაყრდნობით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით

„ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გაეროს მიმართავს, აფხაზეთს „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიენიჭოს“.

მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ მიმართვა „გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს გადასცა.

„ინალ არძინბასა და ალექსეი ბორისოვს შორის შეხვედრა რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩოში შედგა. შეხვედრისას არძინბამ ბორისოვს გადასცა მიმართვა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისადმი, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მას მოუწოდებს, აფხაზეთის რესპუბლიკას მიენიჭოს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი გაეროში, რაც გაეროს გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას იძლევა“, – აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, მიმართვაში ინალ არძინბა აცხადებს, რომ მათი სურვილია „მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა“ და თავად უამბონ „როგორ არის საქმე მათ ქვეყანაში“.

ოკუპირებული აფხაზეთის განცხადებას  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს.

საგარეო უწყების განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა “დამოუკიდებელი” სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება.

“საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას.

საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა “დამოუკიდებელი” სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით მსგავსი პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება,” – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები