19 სექტემბერს „არტ-FM“-ის სტუმრებმა, რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ და მწერალმა ეკა ტოგონიძემ ახალ ფილმზე „იარე, ლიზა“ ისაუბრეს, რომლის პრემიერა 22 ოქტომბერს შედგება.
ნანა ჯანელიძე – მთელი 10 წელი ვემზადებოდი ფილმის გადასაღებად, რადგან საკმაოდ რთული აღმოჩნდა საჭირო ფორმის მოძიება და უზარმაზარი მასალის ერთ ფილმში ჩატევა, მით უფრო, რომ ომის თემა, რომელსაც ყოველთვის თან სდევს ადამიანების სევდა და ტკივილი, ისედაც ძალიან მძიმეა. აფხაზეთის ომზე ფილმის გაკეთების იდეა „7 დღის“ რეპორტიორს ლია ტოკლიკიშვილს ეკუთვნის, რომელსაც ძალიან ახალგაზრდას მოუწია სამხედრო კორესპონდენტად მუშაობამ, თუმცა არაჩვეულებრივ ისტორიებს მოუყარა თავი საკუთარ მოგონებებში „ნიუტონას დღიურში“, რომლის პრეზენტაცია ფილმის პრემიერის წინ შედგება.

აფხაზეთის ომი არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეებისთვის, არამედ ჟურნალისტებისთვისაც უზარმაზარ ტრაგედიად იქცა, რადგან დღემდე არ ასვენებთ ტკივილი. სწორედ ლიას შეთავაზებით დავიწყე ფიქრი ფილმზე, როცა მის მასალას – უამრავ ისტორიასა და ინტერვიუს გავეცანი. თავიდან დოკუმენტური ფილმის გაკეთებას ვგეგმავდით, თუმცა, მუშაობის პროცესში, როცა შესაფერის ფორმას ვეძებდით ჩვენი სათქმელის გადმოსაცემად, მხატვრული ფილმის გადაღება გადავწყვიტეთ, რომელიც ერთგვარი დღიურების ფორმას შეიძენდა და აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანების ისტორიებს მოუთხრობდა მაყურებელს როგორც ქართული, ისე აფხაზური მხრიდან, რადგან ომმა ორივე მხარე აზარალა და აქცია მსხვერპლად.
მოცულობითი ისტორიული და დოკუმენტური მასალა შევისწავლეთ, ქართველი და აფხაზი ავტორების უამრავი წიგნი წავიკითხეთ, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პაატა ქურდოვანიძის ფოტოალბომი, რომელიც ერთგვარ მეგზურად იქცა ჩვენთვის. ძალიან მძიმე ისტორია აქვს აფხაზეთს, ურთულესი წლები გამოიარეს აფხაზებმა, როცა რუსეთი მათ დამორჩილებას ცდილობდა და მხოლოდ ქართველები გამოესარჩლნენ. მართალია, თავიდან ისტორიული ფრაგმენტებიც შევიტანეთ ფილმში, მაგრამ ზედმეტად გაგრძელებულმა ქრონომეტრაჟმა ამოღება და მხოლოდ კომენტარების სახით დატოვება გვაიძულა.

დიდხანს ვიფიქრე მთავარი როლის შემსრულებელზე და საბოლოოდ არაპროფესიონალი მსახიობის მოწვევა გადავწყვიტე. არჩევანი ეკაზე შევაჩერე, რადგან ჟურნალისტი, მწერალია და სხვებზე უკეთ გამოსდის პერსონაჟის გაცნობა, გათავისება და მისი ისტორიის გადმოცემა. მოგვიანებით ეკა ლიასაც შეხვდა, უამრავი ისტორია მოისმინა მისგან და გამოცდილებაც შეიძინა.
ბევრს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს ფილმის სათაური, მაგრამ ვფიქრობ, ზუსტად მოერგო ჩვენს ფილმს, რადგან წარსულის გახსენებით ლიზას მართლაც გრძელი და ძალიან რთული გზის გავლა უწევს. ვფიქრობ, დროა, ჩვენც გვეყოს გამბედაობა, გავყვეთ ლიზას, გავიხსენოთ წარსული, მერე კი, გავაგრძელოთ გზა მომავლისკენ.
ფილმის ჩვენება 22-27 სექტემბერს გაიმართება კინოთეატრ „ამირანში“. სეანსს, რომელიც 8 საათზე დაიწყება, მოდერატორებთან ერთად შემოქმედებითი ჯგუფის წევრებიც დაესწრებიან, ასე რომ მაყურებელს საშუალება ექნება გაესაუბროს და იმსჯელოს ფილმზე ქეთი ტრაპაიძესთან, ლელა ოჩიაურთან, ლაშა ბაქრაძესთან, რატი ამაღლობელთან, გიორგი კეკელიძესთან და სხვებთან ერთად.

ეკა ტოგონიძე – მართალია, რამდენიმე წლის წინ უარი ვთქვი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, რადგან მეტი დრო დამეთმო შვილისთვის და წერისთვის, მაგრამ სიამოვნებით დავთანხმდი ფილმში მონაწილეობას. პირველად აღმოვჩნდი გადასაღებ მოედანზე და უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე. ვფიქრობ, ფილმის წარმატებას პირველ რიგში, რეჟისორის და მსახიობის ურთიერთობა, მათ შორის ნდობა განსაზღვრავს, რადგან სწორედ რეჟისორია მსახიობის მეგზური და გზამკვლევი, ის აძლევს ძალას და მოტივაციას დასახული ამოცანის ზუსტად შესასრულებლად.
რთული აღმოჩნდა ფილმზე მუშაობა, რადგან არაპროფესიონალ მსახიობს გამოცდილებაც ნაკლები მქონდა, ამიტომ პერსონაჟის ყველა ემოცია სრული სიმძაფრით განვიცადე და გამოვხატე. საბედნიეროდ, ზურგს არაჩვეულებრივი ადამიანი ეკა ნიჟარაძე მიმაგრებდა, რომელმაც ჩემს მომზადებაზე, „გაწვრთნაზე“ იზრუნა და გადაღებებზეც ძალიან დამეხმარა. ფილმის გადაღება ხანგრძლივი და ძალიან შრომატევადი პროცესია, რომელიც უზარმაზარ ძალას და ენერგიას მოითხოვს, სწორედ ეკა მეხმარებოდა მობილიზებასა და ყურადღების კონცენტრირებაში, რადგან ერთი წამითაც არ შეიძლებოდა მოდუნება.
ძალიან მძიმეა ომზე ფილმის გადაღება, არანაკლებ რთული იყო მოსამზადებელი პერიოდიც, რადგან ძალიან ბევრი წავიკითხეთ, ვისაუბრეთ და განვიცადეთ. მართალია, პირადად მე აფხაზეთის ომი არ შემხებია, მაგრამ ფილმზე მუშაობის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარ თავზე გამოვცადე ომის ყველა საშინელება. ალბათ, სწორედ ესაა მსახიობის მთავარი მიზანი – ჯერ თვითონ უნდა იგრძნოს პერსონაჟის ყველა განცდა, ტკივილი და მხოლოდ შემდეგ მოუთხროს მაყურებელს. ამ მხრივ, მსახიობი ძალიან ჰგავს მწერალს, რომელიც ზუსტად ამავე პრინციპით მოქმედებს, თუმცა ამბის გადმოცემის ინსტრუმენტები აქვს განსხვავებული.

რა თქმა უნდა, მსახიობი, პირველ რიგში, რეჟისორის სათქმელს ამბობს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი სათქმელი დაემთხვა, რადგან მთავარი მიზანი – სიმართლის თქმა იყო. ვფიქრობ, მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, დროა, ვისაუბროთ აფხაზეთის ომზე ღიად და გახსნილად, მოვიშუშოთ იარები და ვცადოთ ცხოვრების გაგრძელება. ხელოვნება და განსაკუთრებით კინო, წარსულის ნაკლებად მტკივნეულად გახსენების საუკეთესო საშუალებაა, სწორედ წარსულის შეხსენება, ახალი თაობისთვის კი, იმ ომზე მოთხრობა გვინდოდა, რომელიც ჩვენი ისტორიის ნაწილია. ბრწყინვალედ შენიშნა კომპოზიტორმა მიკა მდინარაძემ, რომელმაც არაჩვეულებრივი მუსიკა შექმნა ფილმისთვის. მიკას განცხადებით, მან მომავლის მუსიკა დაწერა და ვფიქრობ, დროა, ჩვენც გავიხედოთ მომავლისკენ.
ფილმზე მუშაობის შემდეგ ძალიან საინტერესო პროექტის იდეა მოგვივიდა. აფხაზ ავტორთან ერთად საერთო კრებულზე გადავწყვიტეთ მუშაობა, რომელიც იმედია მალე გამოვა და უპრეცედენტო შემთხვევა იქნება, რადგან აფხაზი და ქართველი ქალების ავტორობით ჯერ წიგნი არ გამოცემულა.
