LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

RAYE-ის ახდენილი ოცნება – მომღერლის გზა ისტორიულ გამარჯვებამდე

224
raye

წლების განმავლობაში გამოშვებული მინი კრებულების, სინგლებისა და კოლაბორაციების შემდეგ, შარშან, 3 თებერვალს, RAYE-იმ ნანატრი სადებიუტო სტუდიური ალბომი – My 21st Century Blues წარადგინა; დისკი, რომელიც მომავალი ვარსკვლავის წარმატების საწინდრად იქცა…

RAYE-ის კარიერა სტარტს 2014 წლიდან იღებს, თუმცა, ფართო აუდიტორიისთვის ის ცნობილი ბოლო რამდენიმე წელში გახდა. მისი სიმღერების აქტუალობას ხელი ,,ტიკ-ტოკმაც” შეუწყო.

აღსანიშნავია, რომ მომღერალმა, რომელსაც ვიზუალურად ემი უაინჰაუსს ამსგავსებენ, ძალიან დიდი გზა გაიარა იქამდე, ვიდრე დამსახურებულ აღიარებას მოიპოვებდა. იყო წინააღმდეგობაც, რაც მისი ფირფიტის დღის სინათლეზე გამოჩენას ხელს უშლიდა, თუმცა, მუსიკოსმა ყველა დაბრკოლება დაძლია და 2 მარტს, BRIT Awards-ის ისტორიაში პირველი არტისტი გახდა, რომელმაც ერთდროულად ყველაზე მეტი ნომინაცია და ჯილდო მიიღო. ეს ყველაფერი მან 26 წლის ასაკში, დამოუკიდებლად მოახერხა.

ბრიტანელი მუსიკოსი მშობლიური ქვეყნის მთავარი მუსიკალური მოვლენის უმაღლესი ტროფეის მოგებაზე, ჯერ კიდევ 14 წლის ასაკიდან ოცნებობდა. ის იმედოვნებდა, რომ ერთ დღესაც ,,ტვიტს”, რომელშიც თავის სურვილს ავლენდა, მოგებული ჯილდოების ამსახველი ფოტოთი უპასუხებდა.

დუა ლიპას შთამბეჭდავი პერფორმანსი, RAYE-ის ტრიუმფი და საპატიო ჯილდო კაილი მინოუგს – ლონდონში, BRIT Awards გაიმართა

ეს დღეც დადგა, რადგან რეიჩელ აგათა კინმა ბრიტანულ ,,გრემიზე” აქამდე არნახული რეკორდი დაამყარა და 7-დან 5 პრესტიჟულ ნომინაციაში გამარჯვებით, დაჯილდოების ტრიუმფატორად მოგვევლინა. ახალგაზრდა შემსრულებელს ასევე სპეციალური პრემია გადაეცა. ბავშვობიდან მუსიკის წერით გატაცებული RAYE ,,წლის კომპოზიტორი” და ამ ტიტულის პირველი ქალი რეციპიენტი გახდა.

ვარაუდობენ, რომ RAYE-ის მომავალი წლის ,,გრემის” ნომინანტთა შორის ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები