საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე მოთხოვნა შემცირდა. ამის შესახებ ”ფორტუნას” ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ნოემბრის თვის მონაცემებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხალხი სესხის აღებას დოლარში ამჯობინებს.
”2015 წლის 1-ელ ოქტომბერთან შედარებით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის რაოდენობა 12-ით გაიზარდა, ბიზნეს სესხის რაოდენობა კი 35-ით შემცირდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სესხი მხოლოდ 12-მა ადამიანმა აიღო, ან ნოემბრის თვეში ბიზნეს სესხი საერთოდ არ გაცემულა. ასე არ არის. უბრალოდ, შესაძლოა ნაწილმა სესხი უკვე დაფარა. მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი აიღო 20 ადამიანმა, მაგრამ აქედან რვამ იპოთეკური სესხი მიმდინარე თვეშივე დაფარა. ამიტომ, იმის თქმა რომ ამ თვეში სესხი მხოლოდ 12-მა ადამიანმა აიღო, არ იქნება სწორი”,- განუცხადა ”ფორტუნას” გიორგი კეპულაძემ.
ორგანიზაციის ”საზოგადოება და ბანკები” დამფუძნებელის ინფორმაციით, კომერციული ბანკები რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებს ისევ ჩვეულ რეჟიმში გასცემენ, თუმცა, სავარაუდოდ, ამ ტიპის სესხზე მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან შემცირდა.
რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო სესხის პროცენტი 8564 ადამიანს გაუძვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ავრცელებს. მათივე ცნობით, 2015 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი – 5838 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2726 იურიდიულ პირს აქვს.