LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეპერმა მასტერმა სოსო პავლიაშვილთან დუეტი ჩაწერა – „პიროვნების გაორებასავითაა…“

15

გიორგი პავლიაშვილმა, რომელსაც ქართველი მსმენელი რეპერ მასტერად იცნობს, რუსეთში მცირე ხანია, რაც გადაინაცვლა, სახელი შეიცვალა, ახლა „აქცენტია“ და სოსო პავლიაშვილთან ერთად დუეტი ჩაწერა. მუსიკოსებმა კლიპიც გადაიღეს. სიმღერის სახელწოდებაა „Небо На Ладони“.

გიორგი პავლიაშვილი:

მოსკოვში წამოსვლის შემდეგ დავიწყე მუშაობა რუსულენოვან ალბომზე, ახალი პროექტია და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ სხვა სახელით წარვდგე მსმენელის წინაშე. დავირქვი „აქცენტი“ (იღიმის). ბუნებრივია, რომ რუსულად აქცენტით ვმღერი და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ამ სახელის არჩევა.

ალბომში შესულია რამდენიმე დუეტი ცნობილ არტისტებთან რუსული შოუბიზნესიდან. ერთ-ერთი სიმღერაა დუეტი სოსო პავლიაშვილთან მისივე ცნობილი სიმღერის რემიქსზე.

როგორი იყო სოსო პავლიაშვილთან მუშაობა?

სოსო ძალიან ბუნებრივი და მარტივი ადამიანია, დავურეკეთ, გადავუგზავნეთ  მსიმღერის ჩვენი ვერსია. თავიდან არც იცოდა, რაზე იყო საუბარი, მოუსმინა, მოეწონა და შემდეგ დაგვთანხმდა, რომ დუეტი ჩაგვეწერა. ამ ყველაფერს ჩვენი მოგვარეობაც დაემთხვა და ორმა პავლიაშვილმა შევძელით ამ პროექტის შექმნა. გადავიღეთ კლიპი სიმღერაზე, რომლის რეჟისორი, სცენარისტი თავად გახლავართ.

ეს პროექტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ასეთ ვარსკვლავთან მომიწია მუშაობამ. თან, პირველი კლიპია რუსულენოვანი პროექტიდან. მაქსიმალურად ვეცადე, რომ კარგი გამოსულიყო. პირადად მე, არ დაგიმალავთ და, ძალიან კმაყოფილი ვარ.

სად გადაიღეთ?

გადაღებები მიმდინარეობდა მოსკოვში. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კონცერტზეც შევასრულებთ ამ დუეტს. სიმღერის დატრიალება დაგეგმილია ტელევიზიებითაც, უბრალოდ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სად და როგორ. ჩაშვებულია მთელი პროექტი თავისი სოციალური ქსელით, „იუთუბის“ ახალი არხიც…

ეს ყველაფერი გამოყოფილია მასტერის ქართულენოვანი პროექტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ყველაფერ ნულიდან ვიწყებ. თუმცა მეორე მხრივ, ეს არ აისახება მასტერის გაჩერებაზე. ქართულ სიმღერებს ვწერდი, ვწერ და მომავალშიც ჩავწერ. გადავიღებ მასტერის კლიპებს, რადგან ჩემი ქართველი მსმენელი არც ერთი წამით არ „დაიჩაგროს“. ძალიან რთულია ორ პროექტზე მუშაობა, არც კი მეგონა, ასე თუ გართულდებოდა, პიროვნების გაორებასავითაა, გერქვას ორი მეტსახელი და მუშაობდე ორენოვან სიმღერებზე, მაგრამ შევძლებ!.

ძალიან ვნერვიულობდი გადაღების დროს, მაინც უცხო ქვეყანაში მუშაობ, უცხო ხალხთან, რომლებთანაც არასდროს გქონია შეხება. კლიპს კინოკამერით ვიღებდით, ამ ხარისხის ვიდეორგოლი არასდროს გადამიღია. სოსო მოვიდა ჩემთან და წყნარად მითხრა, „დამშვიდდი, ყველაფერს მარტივად მიუდექი, ყველაფერი კარგად არის“ (იღიმის). სხვანაირად ვიგრძენი გვერდში დგომა, ამ მომენტში მართლაც ასე მოვიქეცი და ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები