LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეპროდუქციული სერვისების ბედი საქართველოში

153
1

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უცხოელებისთვის სუროგაცია/დონაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვას ცხარე დისკუსიები მოჰყვა. აღნიშნულ საკითხზე არაერთი კითხვა გაჩნდა არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ თავად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. რეპროდუქციული სერვისების მქონე სამედიცინო დაწესებულებები პაციენტთა სხვა ქვეყნებში გადინებასა და სახელმწიფოს მიერ უზარმაზარი თანხების დაკარგვას პროგნოზირებენ. „ბიზნესნიუსმა“ ამ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ კლინიკა „ლიდერმედის“ დამფუძნებელს, მეან-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგსა და მედიცინის დოქტორს ნატალია ხონელიძეს უმასპინძლა.

 – ქალბატონო ნატალია, როგორია თქვენი პოზიცია მოქალაქეობრივი ნიშნით სუროგაცია/დონაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, მისი დამტკიცების შემთხვევაში რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებით?

– საქართველოში „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით პირველი ბავშვი 2000 წელს გაჩნდა. გახსოვთ, ალბათ, რა პერიოდი იყო. უნაყოფობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მაშინ თვეში ორი პაციენტი თუ მოგვმართავდა. მაგრამ წინაღობები მაინც დავძლიეთ, სტიგმა დაძლია ჩვენმა მოსახლეობამაც და დღეს პაციენტები რეპროდუქციულ კლინიკებს, რომლებიც უკვე 20-ზე მეტია, თავისუფლად მიმართავენ.

ძალიან დიდი ენერეგია დავხარჯეთ პაციენტებისთვის ამ სერვისის შესათავაზებლად, ექიმების გადასამზადებლად, ტექნოლოგიური ბაზის შესაქმნელად და ა.შ. და ეს სწორედ პაციენტების უცხოეთიდან შემოდინებამ განაპირობა, რადგან რიგ ქვეყნებში სუროგაცია/დონაცია (და არა „ინ ვიტრო“ განაყოფიერება) აკრძალულია. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, „ინ ვიტრო“ განაყოფიერება, რომელიც დღესდღეობით უნაყოფობის მკურნალობის უალტერნატივო მეთოდია, სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება.

ის თანხები, რომლებითაც უცხოელი პაციენტები ჩვენთან შემოდიან, ხმარდება არა მხოლოდ ტექნოლოგიური ბაზის გაუმჯობესებას, არამედ ქართველი პაციენტებისთვის ზოგიერთი მედიკამენტის ან  მკურნალობის პროცესის გარკვეული ნაწილის დაფინანსებას. თუ უცხოელებისთვის  რეპროდუქციული სერვისების შეთავაზება აიკრძალება, ეს ყველაფერი შეწყდება. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის „ინ ვიტრო“ განაყოფიერების პროცედურის გაძვირებასაც და, შესაბამისად, უნაყოფობის მაჩვენებლის ზრდასაც გამოიწვევს.

ვფიქრობ, კარგად არაა გააზრებული, რასაც აკრძალვა მოიტანს. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, თუნდაც აბორტის აკრძალვა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, რომელსაც არც პაციენტებისთვის და არც სახელმწიფოსთვის სიკეთე არ მოუტანია. აკრძალვას ყოველთვის რეგულაცია სჯობს. მით უფრო, რომ ჩვენი ექიმების დამსახურებით საქართველოში „ინ ვიტრო“ განაყოფიერების მეთოდი იმდენადაა განვითარებული, რომ ბელგიის, ესპანეთის, აშშ-ის დონეზე ვართ. გარდა ამისა, უცხოელი პაციენტებისთვის სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყანაც ვართ. ხაზი მინდა გავუსვა, რომ „ინ ვიტრო“ განაყოფიერება იყო და რჩება სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად. ამ მიმართულებით საქართველოში ძალიან დიდი თანხა შემოედინება როგორც კლინიკურ, ისე, უშუალოდ ტურიზმის ნაწილში. ვგულისხმობ იმას, რომ თუ უცხოელმა ბიოლოგიურმა წყვილმა საკუთარ ქვეყანაში „ინ ვიტრო“ განაყოფიერების სამივე ცდა ამოწურა, რაც ძალიან ძვირი ჯდება, უკვე სხვა ქვეყნების კერძო კლინიკებს მიმართავს და მხოლოდ ნაღდი ფულით, ყოველგვარი დაზღვევის გარეშე იხდის მკურნალობაში. თუკი ასეთი წყვილი ჩამოვა საქართველოში, მოგვმართავს საკუთარი კვერცხუჯრედითა და სპერმატოზოიდით, ნაკლებ ფასში ჩაიტარებს პროცედურას, თან დაათვალიერებს ჩვენს ქვეყანას, განიტვირთება ფსიქოლოგიურად,  რა არის ამაში ცუდი? თუკი საზღვარგარეთიდან ჩვენთან, მაგალითად, კუჭის ოპერაციის გასაკეთებლად ჩამოდიან,  მიმართავენ სტომატოლოგს და ა.შ. რატომ არ შეუძლიათ რეპროდუქციული სერვისის გამოყენებაც?..

საინტერესოა, რომ ევროდირექტივა მოქალაქეობრივი ნიშნით რეპროდუქციულ სერვისებზე წვდომას არ ზღუდავს. ეს ახლახან რუსეთში იყო, მხოლოდ უცხოელებისთვის „ინ ვიტრო“ განაყოფიერება და სუროგაცია/დონაცია რომ აიკრძალა. კიდევ ერთხელ ვამბობ, აკრძალვა არასდროს არის გვიან, მაგრამ რეგულაციები კი აუცილებლად უნდა განვახორციელოთ.

როდესაც ჩვენთან უცხოელი პაციენტი სამკურნალოდ ჩამოდის, ვიდრე კლინიკურ ნაწილს დავიწყებდეთ, ანუ პაციენტის, თუ დონორის, თუ სუროგატის მომზადებას, ნოტარიალური ხელშეკრულება დგება. ჩვენ მხოლოდ სამედიცინო ნაწილზე ვართ პასუხისმგებელნი, ჩვენთან მხოლოდ ბიოლოგიური მასალა იგზავნება და რაც შეეხება იმას, წყვილი ჰომოსექსუალია თუ ჰეტეროსექსუალი, ნამდვილად არიან ქორწინებაში, თუ არა, ამას ნოტარიუსი ადგენს. როგორც იცით, საქართველოში რეპროდუქციული სერვისის მისაღებად წყვილი ქორწინებაში მინიმუმ ერთი წელი მაინც უნდა იმყოფებოდეს, სახელმწიფოს მეტი უსაფრთხოებისთვის, სწორედ ამ მოთხოვნის გამკაცრება შეუძლია. ასევე, მნიშვნელოვანია ამ სფეროში სოციალური სამსახურების მაქსიმალური ჩართულობა. ჩვენი სოციალური სამსახური უნდა აღრიცხავდეს დაბადებულ ბავშვს, რომელიც გადის საქართველოდან და შემდეგ უკვე იმ ქვეყნის სოციალური სააგენტოსგან უნდა მოგვეწოდებოდეს ინფორმაცია ამ ბავშვის მდგომარეობის შესახებ, სადაც იგი წაიყვანეს.

გაუგებარია ის ფაქტიც, რომ ახალი კანონპროექტი საქართველოში რეპროდუქციული სერვისით სარგებლობას იმ ქართველ პაციენტსაც უზღუდავს, ვისაც უცხოელი მეუღლე ჰყავს.

– ქალბატონო ნატალია, ჩვენ ამ თემას კიდევ მივუბრუნდებით, მართლაც ბევრი კითხვა დაგროვდა, მაგრამ ორიოდ სიტყვა „ლიდერმედის“, როგორც მრავალპროფილური კლინიკის სიახლეებზეც გვითხარით.

– მართალია, კლინიკამ საქმიანობა „ინ ვიტრო“ განაყოფიერების მეთოდის დანერგვით დაიწყო, მაგრამ პაციენტების სურვილის გათვალისწინებით, ერთი წელია, რაც სამშობიარო განყოფილება დავიმატეთ, რადგან ყველას იმ ექიმთან სურდა მშობიარობა, ვისთანაც მკურნალობა ჩაიტარა, 9 თვის განმავლობაში ანტენატალური მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნაც უნდოდათ. მოხარულები ვართ, რომ ბევრი კმაყოფილი პაციენტი გვყავს. გარდა ამისა, დავიმატეთ ოფთალმოლოგიური და პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაც. აუცილებლად უნდა ვახსენო ლაპაროსკოპიული გინეკოლოგიაც და ჩვენი შესანიშნავი სპეციალისტები – გიორგი დოლიძე და ზურა ვაშაკიძე, რომლებიც უნიკალურ გინეკოლოგიურ ოპერაციებს ატარებენ. რეპროდუქციული ტიპის პაციენტებისთვის სკრუპულოზური პროცედურები მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ შესაძლებელია საშვილოსნოს შენარჩუნება, ენდომეტრიუმის შენარჩუნება განსაკუთრებით პოლიპების დროს და ა.შ. ჩვენი კლინიკის ამ მიმართულებებზე უფრო დაწვრილებით მომდევნო გადაცემებში ვისაუბრებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები