რესტორნებმა 6 თებერვალს თვითნებურად გახსნა გადაიფიქრეს. როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რესტორნებმა ეს გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯის გათვალისწინებით მიიღეს.
„მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება ყინულის გალღობაა. ჩვენ დაანონსებული გვქონდა შაბათს გახსნა და სურვილი გვქონდა სტუმრები მიგვეღო, თუმცა ახლა, მიტანის სერვისით გავაგრძელებთ ფუნქციონირებას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, თუ 15 თებერვლის შემდეგ, მთავრობა ეპიდვითარების გათვალისწინებით, რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს, რესტორნები დაუმორჩილებლობას მიმართავენ. როგორც შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეებში მუშაობა რესტორნებისთვის დიდი სარგებლის მომტანი არაა.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით,15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჯაროვებამდე, რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას აანონსებდნენ.