საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და airBaltic-ს შორის. ავიაკომპანია რიგა – თბილისი – რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, რეგულარული რეისები აღნიშნულ მიმართულებაზე ორი სიხშირით შესრულდება. ავიარეისების განრიგი ასეთია:
-
რიგა – თბილისი, 20 აგვისტომდე – ყოველ ოთხშაბათს (5, 12, 19 აგვისტო);
-
თბილისი – რიგა, 20 აგვისტოს ჩათვლით – ყოველ ხუთშაბათს (6, 13, 20 აგვისტო);
-
რიგა – თბილისი, 20 აგვისტოს შემდეგ – კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;
-
თბილისი – რიგა, 20 აგვისტოს შემდეგ – კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს;
ფრენები Airbus A220-300 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
რიგა წარმოადგენს მესამე საერთაშორისო მიმართულებას, რომელთანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აგვისტოდან განახლდება. 2 აგვისტოდან, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია Lufthansa აღადგენს, ხოლო 8 აგვისტოდან, პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას ავიაკომპანია Air France განაახლებს.