საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის 140 წლის საიუბილეო თარიღს პრემიერ-მინისტრი ეხმიანება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “რკინის მინისტრმა” სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისა და დემოკრატიული აღმშენებლობისთვის უდიდესი ძალისხმევა გასწია.
მისივე თქმით, ნოე რამიშვილის ღვაწლი სამაგალითოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც ქვეყნის მსახურება უმთავრესი მიზანია:
“დღეს ნოე რამიშვილის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო შემოქმედის, მთავრობის პირველი თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაბადების დღეა.
პირველი რესპუბლიკის ყველაზე ავტორიტეტულმა პოლიტიკოსმა, ბოლშევიზმთან შეურიგებელმა მებრძოლმა „რკინის მინისტრმა“ უდიდესი ძალისხმევა გასწია სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისა და ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისათვის.
ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას სამინისტროს შენობაში მისი ბიუსტის გახსნითა და ქუჩისთვის სახელის მინიჭებით ჩვენ პატივი მივაგეთ ევროპული მომავლისაკენ სწრაფვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იმ იდეალებს, რომელთაც ნოე რამიშვილმა საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა.
მისი ღვაწლი კვლავაც სამაგალითოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს მსახურება უზენაესი მიზანია.” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.