ტელეჟურნალისტი, „აჭარის ტელევიზიის“ წამყვანი, ანა შამილაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, როგორ შედგა მისი პირველი პაემანი მომღერალ აჩიკო ბერიძესთან. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
– აჩიკო „დილის ტალღაში“ მოვიდა სტუმრად. ხშირად მოდიოდა, მოვიკითხავდით ერთმანეთს და სულ ეს იყო. იმ ერთ მოსვლაზე ვუთხარი: რომ ჩამოდიხარ ბათუმში და ყველას ნახულობ, მე რატომ არ მირეკავ, გავიდეთ სადმე, ყავა დავლიოთ, ბოლოს და ბოლოს მომენატრე-მეთქი. დაფიქრდა, მახსოვს მისი გაკვირვებული თვალები. ზოგადად, სიტყვაძუნწია, მაგრამ მის დაფიქრებულ თვალებში ამოვიკითხე: ნეტავ, რატომ არ გირეკავ? (იცინის) ზოგადად, ბავშვობაშიც მე ვლაპარაკობდი ბევრს და ის სულ მისმენდა აღფრთვანებული თვალებით (იცინის). მოკლედ, ორი კვირის მერე მომწერა, ბათუმში ჩამოვდივარ, ერთ-ერთ რესტორანში ჩემი საღამოა და ხომ წამოხვალო. მეც ვუპასუხე: კი, როგორ არა-მეთქი. მეგონა, ჩვენი საერთო მეგობრებიც დამხვდებოდნენ და ერთად გავერთობოდით, მაგრამ მარტო დამხვდა, ყველა სიმღერა მე მომიძღვნა, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და დღემდე ორივეს სასიამოვნოდ გვახსოვს ის დღე – 29 აპრილი. და 29 აპრილს, 29 წლის შემდეგ, შედგა ჩვენი პირველი პაემანი. თუმცა, ამ დღის შემდეგაც ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, რა ხდებოდა. გონება არ უშვებდა, რომ ამდენწლიანი ბავშვობის მეგობრობა, უფრო სხვა მოცემულობით შეცვლილიყო. 29 აპრილის შემდეგ, გვქონდა მიმოწერა და იმ მომოწერაში გამოვუტყდით ერთმანეთს, რომ მგონი, ჩვენ შორის რაღაც სხვა ხდებოდა და ნელ-ნელა, ასე დაიწყო ყველაფერი. მალევე გადავწყვიტეთ თანაცხოვრება და ეს იყო გაცნობიერებული გადაწყვეტილება და არა ფლირტით დაწყებული ურთიერთობა. როცა აჩიკომ დამირეკა და მითხრა, ჩემს საღამოზე გეპატიჟებიო, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთან თანაცხოვრება. ჩვენი ბავშვობიდან, ჩვენი ოჯახებიდან გამომდინარე, უდიდეს პატივს ვცემდით ერთმანეთს და ეს უბრალო, რაღაცა ფლირტი ვერანაირად ვერ იქნებოდა. იმთავითვე, როდესაც გადავწყვიტეთ შეხვედრა და პაემანზე მისვლა, გადაწყვეტილი იყო ჩვენი თანაცხოვრებაც.
