აჩიკო ბერიძის მეორე ნახევარი, ტელეჟურნალისტი ანა შამილაძე გადაცემაში „პროექცია“ პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს. ის და აჩიკო ბერიძე ბავშვობიდან მეგობრობდნენ, გარკვეული პერიოდის წინ კი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს.
„ჩემს შვილებს არ აღვიქვამ, როგორც საკუთრებას. რამდენი ბედნიერების წამი გამივლია ცხოვრებაში, მაგრამ განცდა, როცა იცი, რომ დედა ხარ, ამაზე ძვირფასი არაფერია. ჩემი ყველაზე რთული მომენტების დროს, გადამწყვეტი როლი ჩემს დას უთამაშია და ძალიან მადლიერი ვარ მისი…
აჩიკოზე რა უნდა ვისაუბრო? ჩვენ ვართ ბავშვობის მეგობრები, ბაღელები და კლასელები… ეს ყველამ იცის. ჩვენ ორივე მადლიერები ვართ სამყაროსი, ერთმანეთისთვის. რა არ მაქვს გამოვლილი, ზოგჯერ მგონია, რომ ერთი კარგი წიგნი დაიწერება ჩემზე, მასაც არ ჰქონია მარტივი ცხოვრებისეული გზა… მაგრამ ეს არის საინტერესო. ამ ყველაფრის შემდეგ დავუბრუნდით ერთმანეთს. ეს იყო ლოგიკური…
ჩვენ ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, რომ სახლობანას ვთამაშობთ. თან, ძალიან დიდები ვართ, ეგოების ბალანსში ვართ, ორივე ლომი ვართ ზოდიაქოთი და აქ მთავარია ეგოა… მიუხედავად დიდობისა, პარალელურად, ისეთი პატარა ბავშვები ვართ, რომ გვხედავდეს სხვა, ძალიან სასაცილოები ვიქნებით გვერდიდან…
აჩიკო არის საოცარი მოტივატორი. ბედნიერია ყველა ის ადამიანი, ვისი მეგობარიც არის აჩიკო, მარტო ჩემთვის კი არა, უბრალოდ ნაცნობისთვისაც ასეთია, ისე შეუძლია, რომ დაგმუხტოს და ენერგია მოგცეს, რომ გგონია, მთებს გადადგამ. მე რომ საავტორო გადაცემა მაქვს დღეს, ეს აჩიკოს დამსახურებაა. სულ მეუბნებოდა, შენ შენი გადაცემა უნდა გქონდესო. მაგრძნობინა ის, რომ შემიძლია… ქალსა და კაცს შორის ყველაზე მთავარი რა არის? ქალსაც და კაცსაც უნდა, რომ პარტნიორმა დაგინახოს. თან, ისე მაგრად ვიცნობთ ერთმანეთს, ჩემი ოჯახის წევრებზე უკეთ მიცნობს აჩიკო. ჩვენ, გარდა იმისა, რომ კლასელები ვართ, ძალიან ახლო მეგობრებიც ვიყავით… ბედნიერი ბავშვობა აჩიკოსთან ერთად გავიარე. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობიდან რომ იცნობ ადამიანს, თან, შენი ძმაკაცი რომაა… წლების განმავლობაში მესმოდა აჩიკოზე, ის ბიჭი შენი ძმაკაცი არაა? ის შამილაძის ძმაკაცი არაა? და ეს ძმაკაცი უეცრად გახდა ჩემი ცხოვრების მეგზური…“
