LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მსოფლიოს ასეთი ფილტვები აქვს – ნახეთ პლანეტის ულამაზესი პარკები (ფოტოები)

911
77375265-1078810135844528-1533952874051010560-n

დედამიწაზე არსებობს ულამაზესი ადგილები, რომლებიც თავად ბუნებამ შექმნა, თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც ადამიანის ფანტაზიის ჩართულობით შეიქმნა.

ყვავილების ბუჩქებში, მწვანე სივრცეებში, ხელოვნურ ტბებში განხორციელებული კრეატიული იდეები წარმოშობს ულამაზეს პარკებს, რომლებიც მსოფლიოს ფილტვებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას, ვიზიტორების საყვარელი ტურისტული ადგილებია.

„ფორტუნამ“ გადაწყვიტა მსოფლიოს რამდენიმე უმშვენიერესი პარკი გაჩვენოთ და მათ შესახებ გიამბოთ. რომელიმე ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს, გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ აღნიშნულ პარკებს.

ნიუ -იორკის ცენტრალ პარკი -აშშ

ულამაზესი პარკი, რომელიც მდებარეობს მანჰეტენის კუნძულზე, აშშ – ს ერთ – ერთი ყველაზე შესანიშნავი პარკი და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დასვენების ადგილია. პარკს წლიურად დაახლოებით 38 მილიონამდე მნახველი სტუმრობს. ცენტრალ პარკი ხშირად ჩნდება სხვადასხვა კინოფილმებსა, თუ სატელევიზიო შოუებში, რაც მას მას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალაქურ პარკად აქცევს ჩვენს პლანეტაზე.

მიუხედავად იმისა, რომ პარკის უმეტესი ნაწილი ბუნებრივად გამოიყურება, ის ფაქტობრივად მთლიანად ხელოვნურად არის შექმნილი და შეიცავს რამდენიმე ხელოვნურ ტბას, საცალფეხო ბილიკებს, ორ საციგურაო მოედანს, საცხოველესა და მინდვრებს სხვადასხვა სპორტული დანიშნულებისთვის და ბავშვების სათამაშოდ.

პარკი გუელი, ბარსელონა (ესპანეთი)

ყველაზე ფერადი პარკი მსოფლიოში, რომელიც კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში, ელ-კარმელის მთაზე მდებარეობს. პარკი უნიკალური სტრუქტურით გამოირჩევა – აქ საცხოვრებელი კორპუსებისა და მშვენიერი ბაღების ჰარმონული კომბინაციაა.

აშენდა მეოცე საუკუნეში. შექმნა ანტონიო გაუდიმ 1900-1914 წლებში. პარკის ფართობია 17,18 ჰექტარი. პარკში მდებარეობს ანტონიო გაუდის სახლი, რომელშიც ცნობილი არქიტექტორი ცხოვრობდა 1906 წლიდან გარდაცვალებამდე (1926 წ.), დღეს აქ განთავსებულია გაუდის მუზეუმი.

კეკენჰოფი, ნიდერლანდები

წარმოუდგენლად რომანტიკული და ლამაზი პარკი ჩვენს პლანეტაზე. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე თვალისმომჭრელ პარკად აღიარებული ტიტების ბაღი ამსტერდამსა და ჰააგას შუა, ქალაქ ლისეს მიმდებარედ მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დამთვალიერებლებისთვის ღია მხოლოდ ორი თვის განმავლობაშია, დაახლოებით 20 მარტიდან 20 მაისამდე (პლიუს-მინუს 2 კვირა – ეს ყვავილობის პერიოდზე და ამინდზეა დამოკიდებული), ვიზიტორთა რაოდენობა წელიწადში ხანდახან მილიონამდე აღწევს. აქ ვიზიტორები ნამდვილი, ულამაზესი გაზაფხულის სანახავად მოდიან. თქვენს წინ გადაშლილ მინდვრებზე უამრავი ჯიშის ტიტა, საკურა, ჰიაცინტები, ლილიები, ნარცისები და გაზაფხულის სხვა ყვავილები ერთიან ხალიჩას ქმნიან.

ტროპიკული ბაღი ნონგ ნუჩი – ტაილანდი

ტაილანდის ყველაზე პოპულარული ადგილი, რომელსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ. პარკი 1980 წელს გაიხსნა და თუ ტაილანდში მოხვდებით ის აუცილებლად უნდა ნახოთ. ეს არის უდიდესი ბაღი სამხრეთ აზიაში, რომლის ფართობიც 250 ჰექტარამდეა. პარკის ტერიტორიაზე გაშენებულია უამრავი იშვიათი და ორიგინალური ტროპიკული ყვავილი და მცენარე. ნონგ ნუჩის სიამაყეა ორქიდეის უზარმაზარი პლანტაციაც.

ვერსალის ბაღები, საფრანგეთი

ევროპაში ყველაზე ძველი და ულამაზესი პარკი შეიქმნა 1661 წელს მეფე ლუი XIV- ის დაკვეთით. ამავე დროს, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორებმა ვერსალის უნიკალური სასახლეც ააგეს. ახლა ეს სასახლე და პარკის ანსამბლი გასაოცარია თავისი სილამაზითა და ფუფუნებით.  პარკში 1,400 შადრევანი და 350,000 ხეა. დეკორატიულად მორთული ხეები და ბუჩქები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ბუნებრივ დიზაინს, ქმნიან ზღაპრული მოტივების დაუვიწყარ ატმოსფეროს.

ბუტჩარტის ბაღები, კანადა

ბუტჩარტის ბაღები კანადაში, ვანკუვერის კუნძულზე მდებარეობს და ყოველწლიურად მილიონობით დამთვალიერებელი ჰყავს. ულამაზესი მწვანე გაზონები, ყვავილნარები, სადაც ცისარტყელას ყველა ფერის ყვავილები საოცარ სურნელს აფრქვევენ, შადრევნები, ორიგინალური სკულპტურები, მოჩუხჩუხე წყაროები და დიდი, გაბარჯღული ხეები ისაა, რაც აქ დაგხვდებათ.  პარკის სიჩუმეში შეგიძლიათ აუზების და ჩანჩქერების გასწვრივ ბილიკებზე ფეხით გასეირნება, ყვავილების სურნელის შეგრძნობა და სიმშვიდით ტკბობა.

პარკი იგუასუ, არგენტინა – ბრაზილია

იგუასუს ეროვნულ პარკს სამხრეთ ამერიკის ეს ორი შესანიშნავი ქვეყანა თანაბრად იყოფს. სწორედ მათ საზღვარზე მდებარეობს იგუასუ, რომელიც 1934 წელს დაარსდა. დედამიწის ულამაზესი ადგილი დაახლოებით 270 ჩანჩქერს მოიცავს. მათ შორის ყველაზე ცნობილია ულამაზესი ჩანჩქერი „ეშმაკის ყელი“.

ეროვნული პარკი ყველასათვის ცნობილია ველური ბუნებით (განსაკუთრებით ფრინველთა მრავალფეროვნებით), რომელიც მოიცავს უიშვიათეს და გადაშენების პირას მყოფ ფაუნის სახეობებს. ეს ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ტყისა და ბიოსისტემის ხუთივე სახეობა ერთადაა წარმოდგენილი. პარკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ყვავილების პარკი ასიკაგა, იაპონია

ყვავილების პარკი „ასიკაგა” მდებარეობს ამავე სახელწოდების ქალაქში, იაპონიაში. იგი გადაჭიმულია 8.2 ჰექტარზე და მუდამ ღიაა ტურისტებისათვის და დამთვალიერებელთათვის.  იქ მოხვედრილ ადამიანებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ცხოვრების ბოლომდე მიჰყვებათ. ასიკაგას ყვავილების პარკი ცნობილია ვისტერიას მრავალი სახეობით… ვისტერია ეკუთვნის სუბტროპიკულ მცენარეთა ოჯახს, მისი ყვავილები ძალიან სურნელოვანია. ასიკაგაში ძალიან ბევრია ლურჯი, თეთრი და ვარდისფერი ვისტერია. პარკი აყვავებას იწყებს მაისის დასაწყისში.

ჟანძიაძეს პარკი, ჩინეთი

ულამაზესი და თვალწარმტაცი პარკი მდებარეობს ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, ვულნგიუანის მთებში – ჰულანის პროვინციაში. ერთი შეხედვით დაუჯერებელია, რომ ბუნებას შეუძლია ისეთი ფანტასტიკური პეიზაჟები შექმნას, როგორიც ამ პარკშია.  კლდისა და მთის მასიური სვეტები, რომლებიც 200 მეტრამდეა ცაში აზიდული,  მწვანე კუნძულები და აქ მცხოვრები მაკაკაები და თეთრი ჰერონები – ნამდვილ ეგზოტიკურ გარემოს ქმნის. პარკის ტერიტორიაზე არის ე.წ მთის ლიფტიც, რომელსაც ტურისტი გარკვეულ სიმაღლეზე აყავს და აქედან ხელის გულივით ჩანს ჟანძიაძეს ულამაზესი პარკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g