გარდაცვლილ ჟურნალისტს, გიორგი სანაიას, „ფარული კონვერტის“ ეთერში მეუღლე, ხათუნა ჩხაიძე იხსენებს.
სანაიას მეუღლე აღნიშნავს, რომ გიორგის გარდაცვალება რთულად გადაიტანა, ერთადერთი ნათელი წერტილი მისთვის კი მათი ვაჟი, სანდრო იყო.
„სანდრო 5 წლის იყო, როდესაც მამა მოუკლეს. ძალიან პატარა იყო და ალბათ მისთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა ამდენი ცრემლიანი ადამიანის დანახვა, ამიტომ ის ჩემ გვერდით არ იყო იმ პერიოდში.
რამდენიმე დღის შემდეგ მე მას პირადად ვესაუბრე და ავუხსენი, რომ მამა გარდაიცვალა, თუმცა მას ვუხსნიდი, რომ გიორგის სული უკვდავია, როგორც ყველა ადამიანის სული და ბავშვს მაინც ჰქონდა ის შეგრძნება, რომ გიორგი ჩვენთან იყო.
სანდრო როცა დაიბადა, მე და გიორგი ყველა საკითხს, რაც იყო დაკავშირებული ბავშვთან ურთიერთშეთანხმებით ვწყვეტდით.
არ ვიცოდი როგორ უნდა გამეზარდა მარტოს ბავშვი.
ძალიან რთული იყო მარტო დარჩენა, ეს იყო მოულოდნელი.
აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო გიორგი და არასოდეს არ ვიფიქრებდი და არც გამიფიქრია, რომ რაღაც დაემართებოდა.
როდესაც გავიგე, რომ გიორგი მოკვდა და მოკლეს ჩემს ცხოვრებაში ჩამოწვა წყვდიადი.
ერთადერთი ნათელი წერტილი ეს იყო სანდრო, რომელიც მაიძულებდა და მაძლევდა ძალას, რომ გამეგრძელებინა ცხოვრება.
ძალიან განიცდიდა უმამობას. ტელევიზიითაც ხშირად შუქდებოდა ეს ამბავი და მე ვცდილობდი, რომ სწორად გაეგო მოვლენები.
სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდებოდა, მაგრამ სანდროს უნდა სცოდნოდა მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე.
სინამდვილეში არც საქმე არ იყო გამოძიებული და რეალურად არც ჩვენ არ ვიცოდით პასუხი იმ ეტაპზე.
თუმცა სანდრომ იცოდა, რომ მამამისი იყო თავისი პროფესიის ერთგული. გიორგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისი პროფესიული საქმიანობა. სანდრომ იცოდა, რომ მამამისი ამის გამო მოკლეს.
სანდრომ თავად გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო ჟურნალისტი. მე თავიდან თითქოს ვეწინააღმდეგებოდი ჩემს თავს. როცა გავიგე, რომ კურიერის წამყვანი უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, თან გამიხარდა, თან დამწუხრებულიც ვიყავი, გამახსენდა გიორგი.
ვუთხარი, რომ მხოლოდ კეთილი საქმეები უნდა აკეთოს, რომ მასზე დიდი პასუხისმგებლობაა. ვიცი, რომ თავისი მამის ღირსეული შვილი უნდა იყოს.”-აღნიშნა ხათუნა ჩხაიძემ.