ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდისთვის იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როდის იქნება შესაძლებელი შეზღუდვები მოიხსნას.
„ვსაუბრობდით სასიცოცხლო რისკებზე, რომელიც უკავშირდებოდა ეპიდემიის ძალიან სწრაფად გავრცელებას. როცა ასეთი სასიცოცხლო რისკების წინაშე ვდგავართ, ეს არის უპირატესი სხვა სოციალურ და ბიზნესსაჭიროებებთან შედარებით.
როგორც კი რისკები შემცირდება და ამის მოლოდინი გვაქვს მომდევნო დღეებში, მაშინვე აღდგება ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირება, მოიხსნება ის შეზღუდვები, რომელიც სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით იქნა შემოღებული. გვესმის, რომ სამსახურში წასვლისთვის სჭირდებათ სატრანსპორტო საშუალება, სკოლების გახსნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული ერთი თვე ჩვენთვის იყო უდიდესი სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მოქალაქეებისთვის გამოიყო სატრანსპორტო საშუალებები, სპეციალურად იმ მიზნებისთვის, რომ მივიდნენ ვაქცინაციის ცენტრებამდე.
„ვფიქრობ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი დღეს არ მუშაობს, საკმარისად მაღალია, რადგან მოქალაქეებს ემსახურებათ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებები.
ამდენად, ეს ვერ იქნება ვაქცინაციის ტემპის შემცირების მიზეზი, რადგან როგორც კი შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა, საკმაოდ მაღალი იყო ვაქცინაცია.
სხვა მიზეზები უფრო უნდა ვეძიოთ, მნიშვნელოვანია ამ მიზეზებზე ზემოქმედება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.