LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის ამოქმედდება ანაბრების დაზღვევის სისტემა

62

საბანკო დეპოზიტების საზღვევის სისტემა შესაძლოა 2018 წლიდან ამოქმედდეს. ამის შესახებ ”ფორტუნასთან” საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა საუბარია, რომ ეს სისტემა ცოტა ნაადრევად დაინერგოს.

”მიმდინარე წელს კანონპროექტი პარლამენტში უნდა შევიდეს განსახილველად, 2017 წელი მის განხილვას და დამტკიცებას დაეთმობა, ხოლო შემდეგ, უკვე 2018 წლიდან, ძალაში შევა. ამჟამად, სწორედ ეს ვადებია განხილვის თემა. ასევე განვიხილავთ მეორე საკითხს – თუ როგორ მოხდება ფონდის ტექნიკურად ფორმირება, ვინ იქნება ხელმძღვანელთა საბჭოში და ასე შემდეგ”, – განმარტა მელიქიძემ.

რაც შეეხება კანონპროექტის მიზანს, მელიქიძე მიიჩნევს, რომ ეს კანონი დეპოზიტარებს დაიცავს.

”თუკი ბანკი გაკოტრების წინაშე დადგება, მაშინ იმ ადამიანთა და იურიდიულ პირთა დეპოზიტები, რომლებიც ამ კონკრეტულ ბანკშია განთავსებული, დაცული იქნება. ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, დეპოზიტარებს აუცილებლად დაუბრუნდებათ მათი დეპოზიტები, ყოველგვარი დროში გაწელვის გარეშე. თუმცა მეორე მხარე გახლავთ ის, რომ დღეს საბანკო სექტორი იმდენად მდგრადია და საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციები იმდენად მკაცრია, რომ იმის ალბათობა, რომ რომელიმე ბანკი უახლოეს პერიოდში გაკოტრების წინაშე დადგეს, არ არსებობს”, – განმარტავს მაია მელიქიძე.

მისივე თქმით, კანონპროექტი ჯერჯერობით, დახვეწის პროცესშია და მასში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება.

”დეპოზიტების დაზღვევა აუცილებლად უნდა განხორციელდეს. კონსულტაციები მიმდინარეობს, გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან. შეხვედრები იგეგმება არასამთავრობო სექტორთან და აკადემიურ-ფინანსური წრეების წარმომადგენლებთან. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინტერესი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა, რადგან საბოლოოდ  ეს ყველაფერი დეპოზიტარებზე აისახება, ჩვენ მოვისმენთ შენიშვნებს, კითხვებს, დაზუსტებებს და შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას”, – აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა.

რაც შეეხება საბანკო სექტორის პოზიციას, მელიქიძის თქმით, სექტორის წარმომადგენლები არ არიან იმის წინააღმდეგი, რომ საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა დაინერგოს და საბანკო სექტორი ამისთვის მზად არის.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა, ამ ეტაპზე კი, აღნიშნული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g