LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაიკითხება ალექსი პეტრიაშვილი – შს მინისტრთან შეხვედრის დეტალები

63

ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა დღეს თუ არა, ხვალ შესაძლებელი იქნება, ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ერთერთმა ლიდერმა, ვიქტორ დოლიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გიორგი მღებრიშვილთან პარტიის ლიდერებმა პეტრიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრეს. როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, დაკითხვის ზუსტი დრო, ამ ეტაპზე უცნობია, ვინაიდან ეს დამოკიდებულია ექიმებისა და საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების გადაწყვეტილებაზე.

”გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მინისტრმა გვითხრა, რომ გამოძიება მიდის წინ. მნიშვნელოვანია ის, რომ შს სამინისტროს თანამშრომლების საკმაოდ დიდი რესურსია ამ საქმეზე გადასროლილი და მღებრიშვილი შეგვპირდა, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში, ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს და დამნაშავეებიც დაისჯებიან” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

როგორც ”თავისუფალი დემოკრატების” ერთერთმა ლიდერმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საქმის გადაკვალიფიცირების თემაზეც ისაუბრეს. პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ მომხდარი იყო მკვლელობის მცდელობა და არა სხეულის მძიმედ დაზიანება. ვიქტორ დოლიძის თქმით, მღებრიშვილმა არ გამორიცხა, რომ ექიმებისა და ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, გამოძიების პროცესში, საქმე გადაკვალიფიცირდეს.

”დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ნამდვილად ვერ ვისაუბრებ და ჭორაობას ვერ დავიწყებ. ვერსიებსა და მოტივზე საუბარი მხოლოდ გამოძიების  დასრულებისა და დამნაშავეების იდენტიფიკაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

რაც ეხება ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დოლიძის განმარტებით, პაციენტი პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ, თუმცა მისი მდგომარეობა დღეს დილიდან გაუმჯობესდა.

”ბუკა მებრძოლი კაცია, სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოლებს და ჯანმრთელადაც იქნება. მან რთული ოპერაციები გადაიტანა, მათ შორის განსაკუთრებით რთული  მეორე ოპერაცია იყო, რადგან მუცლის ღრუს გაჭრა დასჭირდა, ვინაიდან  პერიტონიტი იყო დაწყებული. ამ დროისთვის ის თავს უკეთ გრძნობს” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g