LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აფასებს ოპოზიცია IRI-ს კვლევას: „მტრის ხატი“ ჰყავთ დახატული „ნაციონალური მოძრაობის”, სააკაშვილის, რომ ისინი არიან მხოლოდ ველზე, პოლარიზაცია მათ აწყობთ

73
Untitled design (84)

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი, ჯერჯერობით, ვერ ასახავს იმ განწყობებს, რომელიც მოსახლეობაში არსებობს. მან IRI-ს კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ წინა კვლევასთან შედარებით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ უკეთესი მდგომარეობა აქვს.

„წინა კვლევასთან შედარებით, ზრდა გვაქვს. ამ ტენდენციას თუ შევხედავთ, უკეთესობა გვაქვს, ვიდრე მანამდე გვქონდა. ზოგადად, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში არის ძალიან დეპრესიული განწყობა და ქართული ოპოზიციური სპექტრი სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ ასახავს იმ განწყობებს, რომელიც მოსახლეობაში არსებობს. ამისთვის კონსოლიდაცია არის საჭირო.

ოპოზიციის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომ ის ბრაზი და ცვლილებების სურვილი, რომელიც მოსახლეობაში არსებობს, შემდეგ პოლიტიკურ ქმედებებში ითარგმნოს, ეს არის მისაღწევი და ამას ვაკეთებთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ პირადად ან თავისი სატელიტების საშუალებით, ანტიდასავლური კამპანია აქვს გაჩაღებული და უმტკიცებენ საქართველოს მოსახლეობას, თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას.

„ეს არის იმის შედეგი, რა ტიპის დეზინფორმაციის კამპანიასაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში.

„მტრის ხატი“ ჰყავთ დახატული „ნაციონალური მოძრაობის”, სააკაშვილის, რომ ისინი არიან მხოლოდ ველზე, პოლარიზაცია მათ აწყობთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ჩამოშორება ოპოზიციის საერთო რესურსების გაერთიანების გარეშე ძალიან რთული იქნება.

„ჩვენ ვეჭიდავებით ძალიან რთულ საბჭოთა მონსტრს, რომელსაც უზარმაზარი რესურსი აქვს, აწყობილი საკომუნიკაციო არხები, შანტაჟისა და ზეწოლის ბერკეტები წინასაარჩევნოდ. ამასთან გამკლავება ერთობლივი ძალებით, მათ შორის რესურსების კონსოლიდაციის გარეშე ძალიან რთულია“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „IRI-ის კვლევამ დაადასტურა, რომ ხელისუფლებას ისევე, როგორც ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აინტერესებს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის მათივე მხარდამჭერების ყოველდღიური პრობლემები“. მისივე თქმით, კვლევაში ნათლად არის ასახული საქართველოში განვითარებული ბოლო პერიოდის მდგომარეობა:

ქართველი ხალხის მკაფიო დასავლური კურსის შეუცვლელი არჩევანი – რომელსაც “ქართული ოცნება” ცდილობს 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულების ნაცვლად 12 ალიბის შექმნა დაუპირისპიროს, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ქვეყნის მარცხი საკუთარი ვიწრო პარტიულ ინტერესად აქციოს,” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა და დასძინა:

“ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ამ ეტაპზე თავის გეგმას ასრულებს და მიუყვება. ეს იმ პირობებში, როცა სრულად შეზღუდული გვაქვს მედია რესურსები, ფაქტობრივად ყველა პარტიულ ტელევიზიაში.

მეტიც, “იმედზე” გვაშუქებენ მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლება დაუკვეთავს ბინძურ პროპაგანდას და ტყუილებს ჩვენს პარტიასა თუ ლიდერებზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ასე თანმიმდევრულად და ნაბიჯ-ნაბიჯ დავასრულებთ ორპოლუსიანობას, “ქოცების” და “ნაცების” გაუთავებელ ურთიერთქიშპს და ამით ქვეყნის დაზიანებას”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, ამ მოცემულობაში არ არის გასაკვირი, რატომ არის პარტია “საქართველოსთვის” ყველასთვის მთავარი სამიზნე და დარტყმის ობიექტი. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, კვლევაში ნათლად ჩანს, თუ როგორ არის ერთდროულად დაცემული იმ ორი პოლიტიკურ პარტიის რეიტინგი, “რომლებიც მუდმივად ერთმანეთს ეხმარებიან და ასაზრდოებენ”.

ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა უიმედობის დანერგვა და ეს მოხდა ოპოზიციის ნაწილის, პირველ რიგში, საპარლამენტო ოპოზიციის დახმარებით, კვლევაში ძალიან კარგად ჩანს – ოპტიმიზმის დრამატული ვარდნა და უნდობლობა პოლიტიკური პროცესისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ,- ამის შესახებ კი „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს IRI-ს კვლევის შეფასებისას.

ბოკერია მიიჩნევს, რომ ჩიხის დაძლევას, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმმა შეიყვანა, სჭირდება დაკარგული ნდობის აღდგენა და იმ ხალხის რაოდენობის ზრდა, ვინც მყარად იქნება კურსის შეცვლის მომხრე. მისი თქმით, ასეთი რეჟიმების დასამარცხებლად, როგორიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია, უბრალო უმრავლესობა საკმარისი არ არის.

„რაც მნიშვნელოვანია ამ კვლევაში და რაც სხვა კვლევებითაც დასტურდება, არის ის, რომ ამ ქვეყანაში არის მყარი უმრავლესობა, რომელსაც უნდა კურსის რადიკალურად შეცვლა, იმ კურსის საწინააღმდეგოდ, საითაც ივანიშვილის რეჟიმს მიჰყავს ეს ქვეყანა. ჩემი აზრით, მიჰყავს უფსკრულისკენ, იზოლაციისკენ დასავლეთიდან, პუტინის რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენისკენ, ეკონომიკური კრახისკენ. ამის შეცვლა უნდა მყარ უმრავლესობას.“ – აცხადებს გიგა ბოკერია.

სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, IRI-ს კვლევების მიხედვით, თვითკმაყოფილების საფუძველი არ აქვთ, თუმცა ახარებს ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 85% უპირობოდ უჭერს მხარს ევროპაში ინტეგრაციას, ხოლო შემცირებულია პრორუსულად განწყობილთა რაოდენობა.

რაც შეეხება უშუალოდ „სტრატეგია აღმაშენებელს“, მანჯგალაძის განმარტებით, პლანშეტით ჩატარებულ NDI-ის კვლევაში პარტიას ოთხი პროცენტი ჰქონდა, ამ კვლევაში ორი პროცენტია დაფიქსირებული, ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს კონკრეტული პარტიის ღიად მხარდაჭერის შიში.

„რეიტინგები ტენდენციას აჩვენებს. თვითკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.

მთავარი, რაც მახარებს, არის ის, რომ 85 პროცენტი თამამად და უპირობოდ უჭერს მხარს ევროპაში ინტეგრაციას. შემცირებულია პრორუსულად განწყობილი ადამიანების რაოდენობა, რაც ჩემთვის ასევე კარგია.

სწორია, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი უარყოფითად აფასებს მთავრობის კურსს.

შემცირებულია „ქართული ოცნების“ რეიტინგი და კარგია, რომ ჯამში ოპოზიცია უგებს „ქართულ ოცნებას“ და მის სატელიტებს. გამოსავალი არის, შეიქმნას ახალი ეროვნული და ევროპული ფრონტი, რომელიც პასუხს მოსთხოვს „ქართულ ოცნებას“ იმ დანაშაულების შესახებ, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ჩადიან. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორ პროცენტს, პლანშეტით ჩატარებულ NDI-ის კვლევაში გვქონდა ოთხი პროცენტი.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს შიში, ადამიანმა ღიად განაცხადოს კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გარდა ოპოზიციური სპექტრისა, აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგები შეაფასა დღეს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორმაც.

ვენდობი ამ კვლევებს. შესაძლოა, ზუსტი არ იყოს, მაგრამ ნამდვილად გამოხატავს საზოგადოებრივ განწყობებს, – აცხადებს ნინო დოლიძე IRI-ის კვლევაზე და დასძენს, რომ ღნიშნული კვლევა აჩვენებს იმას, რომ ქვეყანაში დღეს, პოლიტიკურ პარტიებს ძალიან დაბალი ნდობა აქვთ და მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს.

IRI-ის კვლევამ რამდენიმე რამ აჩვენა, რომელიც ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია – ჩამოთვლილი მთავარი პრიორიტეტიდან უკავშირდება ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. ადამიანებს რეალურად აწუხებთ ეკონომიკა, მაღალი ფასები, უმუშევრობა და სიდუხჭირე. ამაზე საუბარს პოლიტიკურ დისკურსში სამწუხაროდ, ნაკლებად ვხედავთ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საზოგადოების საჭიროებებზე არ არის მორგებული პოლიტიკური დისკურსი და საუბრები.

ასევე, ეს კვლევა აჩვენებს იმას, რომ ქვეყანაში დღეს, პოლიტიკურ პარტიებს ძალიან დაბალი ნდობა აქვთ და მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს. ჩემი აზრით, აქ, მოსახლეობა ნამდვილად გულისხმობს არა ახალ პარტიას, არამედ ახალ თემებზე საუბარს, მათ შორის ისეთს, რომელიც სწორედ ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება.

IRI-ის კვლევა ასევე ძალიან კარგად აჩვენებს შემდეგს, მიუხედავად ამ ფართომასშტაბიანი პროპაგანდისა, რომელიც ქვეყანაში დასავლეთის წინააღმდეგ არის გაშლილი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ინტეგრაციის მომხრეა, იმ ფონზეც კი თუ რუსეთთან შეწყდება სავაჭრო ურთიერთობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ვნახეთ ის, რომ მოსახლეობას არ ახარებს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი და ზოგადად განწყობები აჩვენებს იმას, რომ მოქალაქეების პრობლემა არის ეკონომიკური საკითხები, მაგრამ მათ სურთ დასავლეთთან ინტეგრაცია“, – განაცხადა აცხადებს ნინო დოლიძე.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები 7 ნოემბერს გამოაქვეყნა.

კითხვაზე, „ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 12 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს.

  • პარტიას „საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი
  • „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – სამი პროცენტი
  • „სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე“ – ორი პროცენტი
  • „დროა – ელენე ხოშტარია“ – ორი პროცენტი
  • „ლეიბორისტული პარტია- შალვა ნათელაშვილი“ – ორი პროცენტი
  • პარტია „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – ორი პროცენტი
  • „გირჩი“ – ორი პროცენტი
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – ორი პროცენტი
  • „ლელო“ – ერთი პროცენტი
  • „მოქალაქეები“ –  ერთი პროცენტი.

IRI-ის კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%.

magti 5g