სოციალური საწარმო „7R“ 2020 წლის 7 აგვისტოს ზუგდიდში დაფუძნდა. მისი შექმნით თბილისიდან რეგიონში საქმიანობის გატანისა და ადგილზე გარემოსდაცვითი მიმართულებით აქტიურობის პრეცედენტი შეიქმნა. „7R-ის” მისიაა, გარემოს დაცვა საქართველოში მდგრადი მოდის დამკვიდრებითა და ჩვენს ირგვლივ ქსოვილების ნარჩენების შემცირების გზით.
სოციალური საწარმოს პირველ სახელოსნოში ქსოვილის ნარჩენების აღდგენით და ხელახალი გამოყენებით იქმნება ახალი, ფუნქციური ტანსაცმელი, დეკორაციები და აქსესუარები.
სოციალურმა საწარმომ დაფუძნების დღიდან მოახერხა 500 კგ-მდე ქსოვილის შეგროვება და გამოყენება, რაც ირიბად და პირდაპირ კავშირშია წყლის რესურსების დაზოგვასთან და ნარჩენის შემცირებასთან ნაგავსაყრელზე.
თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად „7R“-ის დამფუძნებელი მარი ბენდელიანი საუბრობს.

– მარიამ, პირველ რიგში გვითხარით, რას ნიშნავს თქვენი სახელი „7R“.
– მეტ-ნაკლებად ცნობილია 3R, როგორც ნარჩენების მართვის პრინციპი, რომელიც იშიფრება, როგორც შემცირება, უარის თქმა და ხელახლა გადამუშავება. 7R იგივე ამ სამ ფრაზას მოიცავს და ასევე დამატებით 4 R-ს მოიცავს, რომელიც ნარჩენების მართვის პრინციპებთან არის დაკავშირებული.
– რატომ გადაწყვიტეთ ზუგდიდში დაფუძნება? ალბათ რთულია რეგიონში ფუნქციონირება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ნაკლებია მუშახელიც, თუმცა რეგიონებში არსებობს ერთგვარი ტრადიცია, საფეიქრო წარმოების. ესეც ხომ არ იყო ზუგდიდში დაფუძნების მიზეზი?
– სიმართლე გითხრათ, ჩვენი მიზანი არ ყოფილა, რომ სამკერვალო გაგვეხსნა. ჩვენ გვინდა, გავხსნათ მულტიფუნქციური სივრცე, სადაც სხვადასხვა სახელოსნო იქნება და ერთი – ერთი იქნება სამკერვალო.
გვინდა, რომ გვქონდეს, ნულოვანი ნარჩენის მაღაზია, სადაც ჩვენი შექმნილი და აღდგენილი ნივთები გაიყიდება. ასევე ადგილობრივი პროდუქტი, რომელიც ეკომეგობრული იქნება.
თუმცა ის დეა, რაც გვაქვს, სტრატეგიულად დაგეგმილი, იმდენ რესურსს და იმდენ მხარდაჭერას მოითხოვს, რომ ერთბაშად ვერ დავიწყებდით ამხელა მულტიფუნქციური შენობის შენებას და ამიტომ გადავწყვიტეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ გაგვეკეთებინა და პირველი ნაბიჯი იყო სამკერვალო სახელოსნოს შექმნა.
თქვენს კითხვაზე, თუ რატომ ზუგდიდი, შემიძლია, გიპასუხოთ, რომ სამომავლო გეგმა, რაც ვახსენე, მულტიფუნქციური სივრცე, უხდება ძველ ინდუსტრიულ სივრცეს და ზუგდიდში ასეთი შენობები ძალიან ბევრია.
ძველი ინდუსტრიულ სივრცეები მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებთან არის ახლოს.
რაც იმას ნიშნავს, როიმ ახლანდელი კანონმდებლობით რეალუარად ვერ იფუნქციონირებ. მაშინ გარემოზე ზემოქმედების კანონს დავარღვევთ.
ამიტომ ვიფიქრე, რომ ეს იდეა ძალიან მოუხდებოდა ზუდგდიდს. ძალიან ამბიციური იდეაა და ხანდახან ვამბობ ხოლმე, რომ ერი და ბერი თუ არ ჩაერთო ამ იდეის განხორციელებაში, ისე ვერ განცხორციელდება.
ზუგდიდი ცოტა ამბიციური ქალაქიცაა და დიდიცაა და ყველაფერი ერთმანეთს მოუხდებოდა.

– ძირითადად რას აწარმოებთ და სად ყიდით?
– თავიდან სამკერვალოზე გადწყვეტილად არ მიფიქრია, ჩემი პროფესიული გამოცდილება ამის კეთების გამოცდილებას არ მაძლევდა. თუმცა, გარემოს დაცვა რას არ გაგაკეთებინებს..
ნელ-ნელა ვსწავლობთ და თავიდანვე დავიწყეთ მარტივი კონსტრუქციით, რაც მეხერხებოდა ჩხირკედელაობის დონეზე. დავიწყეთ მართკუთხა ჩანთების წარმოება. რომელიც ასევე მოთხოვნადია.
ახლა ამ ეტაპზე ჩანთები უფრო გავამრავალფეროვნეთ. სხვადასხვა ზომა და ფორმა მივეცით. რომელიც არის აბსოლუტურად ნაკუწებისგან შექმნილი. ვეუფლებით ქურქის მეთოდოლოგიას. გვქონდა მასტერკლასი ჩვენ დონორთან.
მათვე დაგვიფინასეს ვორქშოფი, თბილისიდან ჩამოყვანილი გვყავდა ქურქის დამზადების ოსტატი.
ჩვენი ერთ-ერთი პოპულარული პროექტია სადღესასწაულო დროშები, რომელიც ასევე არის აბსოლუტურად ნარჩენებისგან დამზადებული.
მაგალითად თუ რამე ღონისძიებისთვის დაგჭირდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ და მისი პლუსი ისაა, რომ ირეცხება და მრავალჯერადად გამოყენება შესაძლებელია.
მაგალითად თუ შეიძენთ, „გილოცავთ დაბადების დღეს“, ეს იმას ნიშნავთ, რომ მთელი წელი ყველა თანამშრომლის დაბადების დღეზე შეიძლება მისი გამოყენება.
ჯერ ერთი მდგრადია და გარემოზე ზემოქმედებას არ მოახდენთ მისი შეძენით და მეორე, იაფად შეიძლება გამოხვიდეთ მთელი წელი.
გარდა ამისა ვაკეთებთ პატარა აქსესუარებსაც. ტყავის ნარჩენებს გვჩუქნის მეგობარი კომპანია, რომელიც ტყავის ჩანთებს აწარმოებს და ვაფორმებთ სხვადასხვა აქსესუარებს. ვცდილობთ, ტყავი ეტიკეტირებაშიც გამოვიყენოთ.
შეიძლება ითქვას, უფრო კორპორაციული მიმართულებით ვმუშაობთ და ამით გაგვაქვს თავი.
ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი შემოსავლებით სრულად კმაყოფილები ვართ, მაგრამ გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ თბილისში გაიხსნა სოციალურ საწარმოთა მაღაზია და აგვისტოდან ჩვენი პროდუქტები ამ მაღაზიაში იყიდება. ამან მოგვცა ბიძგი, რომ ინდივიდუალური პროდუქტები შეგვექმნა.
ინდივიდუალურ პროდუქტებს მანამდეც ვქმნიდით და მხოლოდ გამოფენებზე გვეძლეოდა შესაძლებლობა, რომ მომხმარებელს პირადად შევხვედროდით და პირადად ენახა ჩვენი პროდუქტი.
რეგიონში მყოფ საწარმოებს გვიჭირს ძალიან გაყიდვები, რადგან არ გვაქვს სარეალიზაციო არხი ონლაინ გაყიდვების გარდა და ჩვენ ისეთი პროდუქცია გვაქვს, რომ ონლაინ მისი გაყიდვები პოპულარული არაა, შესაბამისად თბილისში გახსნილი მაღაზია ჩვენთვის უკვე ხსნაა და მოტივაცია, რომ შევქმნათ ახალი რაღაცები. უახლოეს მომავალში საახალწლო თემატიკის ნივთების შექმნასაც ვფიქრობთ.
– რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს სოციალურ საწარმოში და თუ ფიქრობთ ზრდას?
– გასული წელი ბევრად უფრო წარმატებული იყო გაყიდვების თვალსაზრისითაც და თანამშრომლების სიუხვითაც. წელს უფრო ნაკლებია, ორი თანამშრომელი გვყავს, მაგრამ დამატებით როდესაც არის ხოლმე დიდი კორპორაციული შეკვეთები, გვყავს გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც გვეხმარებიან. 10 დღიანი სამუშაო პროცესია ხოლმე და ეს მათთვის დამატებითი შემოსავალია.
ძირითადად დევნილი ქალები არიან დასაქმებულები, ან სოციალურად დაუცველები. ამასაც ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. არაა აუცილებელი, რომ თავიდან ადამიანი პროფესიული მკერავი იყოს, მინიმალური ხელსაქმის გამოცდილება თუ აქვს, ვასწავლით ჩვენ რასაც ვაკეთებთ.
ერთია, რომ მინიმალურ ანაზღაურებასაც იღებს და თან გამოცდილებასა და ცოდნასაც იღებს.
