LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივიღოთ ლიცენზია და გავხსნათ ”Subway”-ის რესტორანი საქართველოში?

523

ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „Subway“ საქართველოში ქსელის განვითარების აქტიურ ეტაპზე გადადის.

როგორც ”ფორტუნას” ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, გივი ორდენიძემ განუცხადა, ”Subway”-ის ფრენჩაიზის შეძენით დაინტერესებულთა რიცხვი საქართველოში თანდათან იზრდება და ბრენდიც უფრო პოპულარული ხდება.

”ბოლო რამდენიმე თვეა მნიშვნელოვნად გაიზარდა ”Subway”-ის გაყიდვები, განსაკუთრებით კი მიმდინარე თვე გამოირჩება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ქვეყანაში ვითარება უკვე მომწიფებულია იმისთვის, რომ ბრენდმა საქართველოში  ქსელი გააფართოვოს”, – აღნიშნა ორდენიძემ.

მისივე ინფორმაციით, სხვა ცნობილი ბრენდებისგან განსხვავებით, ”Subway”-ის ფრენჩაიზის გაცემის განსხვავებული სტრატეგია აქვს და მისი შეძენა, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია.

”მაშინ როდესაც McDonald’s-ის, Wendy’s-ის თუ  KFC-ის შემთხვევაში მხოლოდ 1 იურიდიულ პირზე გაიცემა ე.წ მასტერ-ფრენჩაიზი, ”Subway” ნებისმიერ დაინტერესებულს  აძლევს შესაძლებლობას,  ამ ბრენდის სწრაფი კვების ობიექტი გახსნას. ამასთან, განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა საკმაოდ მცირეა და 100 ათასი დოლარიდან იწყება”, – განმარტა საქართველოში ”Subway”-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

როგორც გივი ორდენიძემ აღნიშნა, კომპანიამ ”Subway”-ის სწრაფი კვების ობიექტების გახსნით დაინტერესებულთათვის ინფორმაციის აქტიურად მიწოდება მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და ამ დროისთვის ”Subway”-ის გახსნაზე 50-ზე მეტი განაცხადი გაკეთდა.

”დამატებით ინფორმაციას ლიცენზიის მიღებასთან და რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით მსურველებს 15 სექტემბერს, 18:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“  მივაწვდით, სადაც ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს. წარვადგენთ ”Subway”-ის ბრენდის რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით საინფორმაციო პრეზენტაციას და გავცემთ ყველა კითხვაზე პასუხს”, – განაცხადა ორდენიძემ.

შეგახსენებთ, ”საბვეი” საქართველოში 2014 წლიდანაა წარმოდგენილი. ბრენდი ამ ეტაპზე 5 ობიექტს ფლობს და ყველა მათგანი თბილისში მდებარეობს. თუმცა, როგორც ორდენიძე ამბობს, არსებობს დაინტერესება  ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ”საბვეის” რესტორნების გახსნისა, შესაბამისად, სამომავლოდ ამ ქალაქებში შესვლაც იგეგმება.

ცნობისთვის,  ამერიკული ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 45 000-ზე მეტ რესტორანს ფლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g