LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეხვდა ზურა ნიჟარაძე „ჩცდ“-ს გადაღებების გაჩერებას: „არ მესმის სიდედრებზე და სიმამრებზე ხუმრობა…“

649
ზურაბ-ნიჟარაძე

მსახიობი ზურა ნიჟარაძე მაყურებელმა სერიალით „ჩემი ცოლის დაქალები“ შეიყვარა, სადაც მის პერსონაჟს დიდი რეიტინგი ხვდა წილად.

ამჟამად „ჩცდ“-ს გადაღებები ფინანსების არქონის გამო შეჩერებულია.

ზურა ნიჟარაძე fortuna.ge-ს კითხვებს პასუხობს.

დავიწყოთ საუბარი სერიალით „ჩემი ცოლის დაქალები“. როდესაც პირველად მიხვედი ეგონას სიძის როლის შესასრულებლად, წარმოიდგენდი, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა შენი პერსონაჟი?

ზურა ნიჟარაძე: 

ზოგადად, სერიალს ახლავს თან ასეთი ამბავი – არავინ იცის, მისი პერსონაჟი გააგრძელებს თუა რა ცხოვრებას. რამდენად რეიტინგული და წარმატებული იქნება, ეს წინასწარ რეჟისორმაც არ იცის. მე მივედი ერთი ან ორი სერიისთვის. მერე დაიდო რეიტინგი და ქეთი დევდარიანმა გააგრძელა ჩემი პერსონაჟის სიცოცხლე. რამდენიმე სეზონი არ ვიყავი და მერე ისევ დავბრუნდი.

ახლა, როცა სერიალის გადაღებები გაჩერდა, როგორი იყო ეს შენთვის?

ეს სერიალი ჩემი ცხოვრების წესად იქცა. ყველაფერი მასთან ასოცირდება. 11 წელია, გადის. ბავშვებიც იზრდებიან, ვინც ამ სერიალში თამაშობს. ამასთან დაკავშირებით კურიოზიც კი შემემთხვა – ჩემს შვილს ვინც თამაშობდა, ის ბავშვი ვნახე აეროპორტში, შვეიცარიაში მივფრინავდი. ხშირად არ გვქონდა ერთად გადაღებები. აქ რა გინდა-მეთქი, ვკითხე. ბერლინში ვიყავიო და გამიკვირდა, მარტო-მეთქი? არადა, გაიზარდა, 9 წლის აღარაა, 20 წლისაა (იცინის). მერე გავაცნობიერე, რომ უკვე დიდი გოგოა. ამ სერიალს შევაბერდი.

ძალიან მტკივნეულია, რომ აღარ გადის. გგონია, რომ შენი ცხოვრების დიდი ეტაპი დამთავრდა. საწყენია და გული მწყდება. როცა ამდენი მაყურებელი გყავს, მაყურებელს უყვარხარ, სერიალია რ კარგავს აქტუალობას. რამდენი ადამიანი მწერს და რამდენიც ქუჩაში მეკითხება, როდის აგრძელებთო… ყველაფერი მთავრდება ოდესღაც, მაგრამ მაინც ძალიან საწყენია. დახურული არ არის, მაგრამ როგორც ვიცი, ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება.

ქუჩაში ეგრევე გცნობენ ხოლმე?

მომენტალურად. კეთილ გმირს ვთამაშობ და ისეც არ ვარ ბოროტი კაცი… დიდი სიყვარული მოდის. ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მაყურებელი არ გააწბილო და არ დააღალატო. არ შეიძლება, გადასაღებ მოედანზე ნაბახუსევზე მიხვიდე. არ შეიძლება, ნახევრად გააკეთო საქმე. ბევრი უნდა იშრომო და  იყო მოწესრიგებული, რომ რაღაცას მიაღწიო. რთულია ამ ყველაფრის კეთება, მაგრამ საქმეს გულით უნდა მიუდგე. იმხელა სიყვარულია, რომ მოტივირებული ხარ, პასუხისმგებლობა გაქვს, არაფრით შეიძლება ამ სიყვარულის განიავება. მაყურებელი მკაცრიცაა, ერთ დღეში შეუძლია დაგივიწყოს, ქარს გაგატანოს. ძალიან ვუფრთხილდები მაყურებლის სიყვარულს.

მაგალითად, ვერაფრით ვიგებ იმ ხელოვანი ადამიანებისა და სპორტსმენების, რომლებიც საყვარელი სფეროებიდან პოლიტიკაში მიდიან. ამხელა სიყვარული შეიძლება, სამ დღეში გაანიავო. რამდენი კაციც გიყურებს, შეიძლება, იმდენივემ გაგინოს.

ანუ შენ პოლიტიკაში არასდროს გიხილავთ… 

ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რას გააკეთებდით, პრეზიდენტი რომ იყოთო. ვუპასუხე, ჩემო გოგო, ხომ არ გეშლება, ვისთან მობრძანდი-მეთქი. მე რომ პრეზიდენტი ვიქნები, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. რატომ უნდა ვიყო მე პრეზიდენტი? ეს არც უნდა დაუშვა… მირჩევნია, ჩემი საქმე ვაკეთო.

რეალურ ცხოვრებაში სიდედრებზე როგორი აზრის ხარ?

ძალიან კარგის. არ ვარ იმ მოწყობის კაცი და არ მესმის, რომ ვიყო ცუდი განწყობის. არ მესმის სიდედრებზე, სიმამრებზე ხუმრობა. ეს ყბადაღებული თემაა და ვერ ვიგებ, რატომ. ადამიანმა ყველაზე შეიძლება, ჯანსაღი იუმორით. თუ არ ვარგა, შეიძლება, დედაც არ გივარგოდეს და მამაც და იმაზე იხუმროს. მეუღლე თუ გიყვარს, იმის გამზრდელი დედა და მამაც ხომ უნდა გიყვარდეს, თუმცა წინასწარაც ვერ იტყვი, რომ 27 რიცხვიდან ამ გოგოს მოვიყვან ცოლად და დავიწყებ დედამისი და მამამისის შეყვარებასო. თუ შეგაყვარებენ თავს, შეგაყვარებენ…

შენს ცხოვრებაში როგორ არის?

ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს. ძმაკაცები და მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ძალიან დადებითი ურთიერთობები ჩამოყალიბდა.

შენი თამადობის ამბავი საქვეყნოდ ცნობილია. როგორ ჩამოყალიბდა ასეთი ახლო ურთიერთობა შენსა და სუფრას შორის?

(იღიმის) პროფესიით მსახიობი ვარ, მოგეხსენებათ. ლექსი თავიდანვე მიყვარდა და ბევრი ლექსი ვიცოდი. როცა სუფრასთან ვამბობდი და აუდიტორია მყავდა, ძალიან მსიამოვნებდა. სადაც დამიძახებდნენ თამადად, სულ მივდიოდი. 23 წლის ასაკში პირველად ვიყავი 350-კაციან ქორწილში თამადა, მანამდე მოადგილეობას ვჯერდებოდი. თამადა წარმოგიდგენია ასაკით დიდი, დიდღიპიანი, ბრძენი… 30 კილოთი ნაკლები ვიყავი მაშინ (იღიმის). კარგი იყო, როცა აუდიტორია მყავდა, ხან ვმღეროდი, ხან ანეკდოტს ვყვებოდი და ხან ლექსს ვამბობდი, მაგრამ მერე ძალიან „გავფუჭდი“. ლოთობისკენ კი არ მქონდა მიდრეკილება, იყო დრო, ყოველ შაბათ-კვირას ქორწილში თამადა ვიყავი. თავიდან მომწონდა, მაგრამ ცოტა მეტი რომ მომსვლოდა, შეიძლება, დავღუპულიყავი. სულ რომ გამოჩერჩეტებული მთვრალი ხარ, ეს კარგი ამბავი არ არის. მერე ჯანმრთელობასაც ვნებს.

როგორ გამოხვედი ამ მდგომარეობიდან?

ჩემს სიცოცხლეში არ მქონია ე.წ. „ზაპოი“. ნათქვამი მაქვს, რომ ეს თუ დამემართა, ჩემს სიცოცხლეში აღარ დავლევ-მეთქი. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ყოველ შაბათ-კვირას თამადობას კარგი არაფერი მოჰქონდა. რამდენჯერმე ვთქვი უარი. ზოგს ეწყინა, მაგრამ… შევინარჩუნე ის ფორმა, რომელიც დღეს მაქვს. რეკავდნენ და მეუბნებოდნენ, ზური, ჩემი ძმაკაცის ბიძაშვილის ქორწილია და თამადა უნდათო… მივდიოდი და ვთამადობდი. ახლაც ვთამადობ, მაგრამ ძალიან იშვიათად. მაგის დროც არ მაქვს და არც გამძლეობა. ახლა თუ თამადა ვარ, ზოგჯერ წვეთსაც არ ვსვამ. მთავარია, ხალხმა ისიამოვნოს. ეამაყებათ, როცა ცნობილი სახეა მათთან ერთად, კარგ ლექსს იტყვი, სადღეგრძელოს… ახლა სხვა გადმოსახედიდან მეძახიან.

ზურა, რაიმე სიახლე თუ არის, სადაც შეიძლება, მაყურებელი გელოდოს?

კარგ სიახლეებს ველოდები კინოს მხრივ. არის გერმანული პროექტი, ასევე უკრაინულ-ებრაული… ორივე ფილმია და ვნახოთ, რა იქნება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g