12 ნოემბერს რადიო “ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი” კლინიკის “ახალი მზერა” ვიტრეო-რეტინალური ქირურგი, ექიმი-ოფთალმოლოგი შალვა სხირტლაძე სტუმრობდა, რომელმაც დიაბეტურ რეტინოპათიასა და მისი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.
– ბატონო შალვა, 14 ნოემბერს მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დიაბეტურ რეტინოპათია მეტად აქტუალური პრობლემაა თანამედროვე სამყაროში, საინტერესოა, კონკრეტულად რას წარმოადგენს დაავადება?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სიტყვა “რეტინო” – ბადურა გარსს ნიშნავს, რეტინოპათია კი, ბადურას დაზიანებას გულისხმობს. დიაბეტი თვალის ჰიპოქსიას ანუ ჟანგბადის უკმარისობას იწვევს და აზიანებს თვალის სისხლძარღვებს, რაც საბოლოოდ ცენტრალური მხედველობის დაქვეითების მიზეზი ხდება, გარდა ამისა, თვალის ბადურაზე ხშირად ჩნდება ახალი სისხლძარღვები, რომელთაც მეტად სუსტი კედლები აქვთ, ამიტომ ხშირად წყდება და იწვევს სისხლის ჩაქცევას თვალში. სისხლით ივსება ჯერ ბროლისებრი ღრუ, მერე მთელი თვალი და პაციენტი სრულად კარგავს მხედველობას.

– როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზირების შემთხვევაში, რათა თავიდან აიცილოს თვალის დაზიანება?
– საბედნიეროდ, პირველი ტიპის დიაბეტის დიაგნოზირება ადრეულ ასაკშია შესაძლებელი, პაციენტი ინსულინზე ხდება დამოკიდებული და მას ნაკლებად უჩნდება მსგავსი პრობლემები, რადგან გლიკემიის სწორი რეგულირების შემთხვევაში იშვიათად ზიანდება ბადურა გარსი. მეორე ტიპის დიაბეტის დიაგნოზირებისას კი, ენდოკრინოლოგის რეკომენდაციით პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ვიტრეო-რეტინალურ სპეციალისტს, რადგან ჩვენ უფრო სიღრმისეულად ვიკვლევთ ბადურა გარსს და მის პათოლოგიებს.
– რამდენად დროულად მოგმართავენ პაციენტები?
– სამწუხაროდ, პაციენტები მეტწილად დაგვიანებით მოგვმართავენ, რისი მიზეზიც ერთის მხრივ, მათი დაუდევრობა, მეორეს მხრივ, ენდოკრინოლოგების პასიურობაა, რომლებიც იშვიათად ურჩევენ დიაბეტით დაავადებულებს ოფთალმოლოგის მიმართვას. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა თვალში აღმოჩენილი ცვლილებებით სწორედ ჩვენ ვუსვამთ პაციენტს დიაბეტის დიაგნოზს.

– რამდენად შესაძლებელია დიაბეტის დიაგნოზირების შემთხვევაში თვალის დაავადებებისგან თავის დაცვა?
– დიაბეტურ რეტინოპათიას მეტწილად ჰიპერგლიკემია, ჭარბი წონა და თამბაქოზე დამოკიდებულება, ლიპიდური სპექტრის დარღვევა, ასაკი და გენეტიკა იწვევს. სწორედ ამ რისკფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება განისაზღვროს ვინ უფრო მეტადაა მიდრეკილი დაავადებისკენ. პაციენტი ვალდებულია რეგულარულად გაესინჯოს ენდოკრინოლოგს, ოფთალმოლოგთან მისი ვიზიტი კი, დიაბეტურ რეტინოპათიის სტადიასა და მის სიმძიმეზეა დამოკიდებული.
– რა შესაძლებლობები აქვს თანამედროვე ოფთალმოლოგიას დაავადების სამკურნალოდ?
– საბედნიეროდ, დღეს დიაბეტურ რეტინოპათიის მკურნალობა საქართველოშიც შეიძლება და არაა აუცილებელი საზღვარგარეთ გამგზავრება. ჩვენს კლინიკაში ჩემი ხელმძღვანელობით ხორციელდება ყველა კვლევა. სხვათა შორის, ძალიან გამოგვადგა თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც არა მხოლოდ ოფთალმოლოგს ეხმარება მაქსიმალურად ზუსტი კვლევის წარმოებაში, არამედ საშუალებას გვაძლევს ვაჩვენოთ პაციენტს ყველა დაზიანება, რაც აიძულებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ დაავადებას. მკურნალობა ისევ დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. მაგალითად, საწყის ეტაპზე მხოლოდ ვაკვირდებით და ნაკლებად ვერევით, სხვა შემთხვევაში კი, ყველა იმ მეთოდსა და პრეპარატს ვიყენებთ, რაც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებშია აპრობირებული.
